ალკოჰოლის მოხმარება 6 ტიპის სიმსივნესთან დააკავშირეს
ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ მცირეოდენი ალკოჰოლი თქვენთვის სასარგებლოც კია, მაგრამ სამეცნიერო კვლევები დღითიდღე ადასტურებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, მსგავსი სასმელი ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ონკოლოგიური კვლევების ამერიკული ასოციაციის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, ალკოჰოლის მიღება 6 ტიპის სიმსივნეს უკავშირდება:
- თავისა და კისრის;
- საყლაპავის;
- ძუძუს;
- ღვიძლის;
- კოლორექტულს;
- კუჭისას.
ალკოჰოლი კიბოს ე.წ. მოდიფიცირებად ფაქტორებს შორის ერთ-ერთ უმთავრესად მიიჩნევა. ასეთია ფაქტორები, რომლებსაც ამ დაავადების რისკის წარმოქმნა ან შემცირება შეუძლია და სიმსივნის შემთხვევების 40 პროცენტთანაა ასოციაციაში. მაგალითად, 2019 წელს დასავლეთის ქვეყნებში ყოველი 20 ონკოლოგიური დიაგნოზიდან 1 სწორედ ალკოჰოლური სასმლის მიღებას დაუკავშირეს და ეს მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება.
ასოციაციის ახალი ანგარიშის თანახმად, ზრდასრულ ახალგაზრდებში ზოგიერთი სიმსივნე უფრო და უფრო ხშირად იჩენს თავს, მათ შორის კოლორექტული სიმსივნე. 50 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებში 2011-19 წლებში ამგვარი კიბოს შემთხვევების წლიური მატება 1.9 პროცენტი იყო. ასკვნიან, რომ ადრეულ ზრდასრულ ასაკში ალკოჰოლის ხშირი მიღება უფრო გვიან სიმსივნის რისკს ზრდის.
საინტერესოა, რომ რისკი მხოლოდ ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებისას არ იმატებს (თუმცა სხვაობა მკაფიოა), არამედ საშუალო და მსუბუქი მოხმარებისასაც. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ძუძუს კიბოს მსგავს ტიპებს ეხება. სიმსივნის გამომწვევ, ანუ კანცეროგენურ, კომპონენტად ალკოჰოლში შემავალი ეთანოლი მიიჩნევა, ამიტომ ყველა სახის ასეთი სასმელი საფრთხის შემცველია, იქნება ეს ღვინო, ლუდი თუ სხვა.
როცა რომელიმე მათგანი ჩვენს სხეულში ხვდება, ორგანიზმი ალკოჰოლს აცეტალდეჰიდად შლის, რომელსაც დნმ-ის დაზიანება და მუტაციების პროვოცირება შეუძლია. ეს, თავის მხრივ, სიმსივნის წინაპირობაა. ამის მიუხედავად, როგორც უკვე ვახსენეთ, ალკოჰოლი სიმსივნის განვითარების მოდიფიცირებადი ფაქტორია, ანუ ჩვენს ხელშია, მასთან დაკავშირებულ რისკს გავზრდით, თუ შევამცირებთ.
კომენტარები