ევერესტი მოსალოდნელზე მაღალია — შესაძლოა, ამის მიზეზი უჩვეულო მდინარე იყოს
მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, დაახლოებით 89 000 წლის წინ ერთი მდინარის მიერ მეორის მიერთებამ ევერესტს 50 მეტრამდე სიმაღლე მოუმატა. ეს ამ მთისგან თითქმის 75 კილომეტრის მოშორებით მოხდა, მაგრამ თანმდევი ეროზიული პროცესების გამო ხეობის ფორმირებამ მასზე მაინც იქონია გავლენა.
ევერესტის სიმაღლე ზღვის დონიდან 8 848 86 მეტრია. როგორც მეცნიერები ამბობენ, ის უფრო დიდია, ვიდრე უნდა იყოს. საქმე ისაა, რომ ჰიმალაებში არსებული მწვერვალების უმეტესობას შორის სიმაღლის სხვაობა 50-დან 100 მეტრამდეა, მაგრამ ევერესტსა და მეორეადგილოსან მთა კ2-ს შორის — 250 მეტრი. GPS მონაცემების მიხედვით, ევერესტი წელიწადში დაახლოებით 2 მილიმეტრით იზრდება, რაც მოსალოდნელ ტემპს აღემატება.
ამის მიზეზის დასადგენად სპეციალისტებმა მდინარეების პოტენციური გავლენა შეისწავლეს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა მდინარე არუნზე, რომელიც L-ის ფორმით მიედინება, ჯერ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, შემდეგ კი 90 გრადუსით სამხრეთით. შედარებისთვის, სხვა მდინარეების უმრავლესობა ხის მსგავსი სტრუქტურისაა.
მათ კომპიუტერული მოდელები გამოიყენეს, რათა სიმულაციებით მდინარე კოსის ევოლუცია ეჩვენებინათ. შემდეგ ეს მონაცემები ტომოგრაფიულ ინფორმაციას შეადარეს, რათა დაედგინათ, რომელი სიმულაცია იყო ყველაზე რეალური.
შედეგების მიხედვით, დაახლოებით 89 000 წლის წინ მდინარე არუნი კოსის მთავარ შენაკადად იქცა, რამაც ეროზია გამოიწვია, ამ უკანასკნელმა კი — ხეობის წარმოქმნა. მიწის მასის შემცირებამ გარემომცველი ხმელეთი უფრო მსუბუქი გახადა, ამან კი ევერესტი წლების განმავლობაში 15-50 მეტრით აამაღლა.
მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა, მდინარე არუნის მიერთება კოსის უკან დახევას ან მყინვარული ტბის გადმოდინებას განეპირობებინა. ისინი ხეობის უკეთ გამოკვლევას გეგმავენ, რათა ამ საკითხის შესახებ მეტი გაიგონ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
კომენტარები