NASA-ს მარსმავალის ბორბლები დაზიანებულია — ახალი ფოტოები წითელი პლანეტიდან
NASA-ს მარსმავალი Curiosity წითელ პლანეტაზე არსებულ გეილის კრატერს 2012 წლიდან იკვლევს. ამ ხნის განმავლობაში მას უსწორმასწორო ზედაპირის გავლა არაერთხელ მოუწია, რა დროსაც მტვრის ქარიშხლებშიც მოხვდა. გასაკვირი არაა, რომ ამ ყველაფერმა აპარატის ალუმინის ბორბლებზე კვალი დატოვა, რომელიც ახალ სურათებზეა აღბეჭდილი.
ფოტოებში კარგად ჩანს, რომ ბორბლებზე საკმაოდ დიდი ზომის ამოფლეთილი ადგილებია, რომლებშიც შიდა მექანიზმის დანახვაა შესაძლებელი. ყველაზე ცუდი მდგომარეობა 6 ბორბლიდან ერთ-ერთზეა, რომელიც შუაშია განლაგებული. ამის მიუხედავად, აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ აპარატის სავალი ნაწილი ჯერჯერობით ნორმალურად ფუნქციონირებს.
ერთი შეხედვით, Curiosity-ის დაზიანებები სავალალოა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე პროცესების შედეგია, NASA სიტუაციას აკონტროლებს. ამისთვის მისიაზე მომუშავე გუნდი მავალის ტრაექტორიას დიდი სიფრთხილით არჩევს, რათა მან შედარებით მოსწორებულ ზედაპირზე იმოძრაოს. მას უკუსვლით გადაადგილებაც შეუძლია, რაც ინჟინრებს საქმეს უადვილებს.
უნდა აღინიშნოს, რომ Curiosity პერიოდულად საკუთარ ბორბლებს სურათებს უღებს ისე, რომ მათი ყველა ნაწილი გამოჩნდეს, შემდეგ კი ამ მონაცემებს დედამიწაზე გზავნის. ეს გუნდს ბორბლების მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება. მათი განცხადებით, სრული ინფორმაციის მოპოვებას დაახლოებით 3 საათის განმავლობაში 7 მეტრ მანძილზე მოძრაობისას აღბეჭდილი კადრები სჭირდება. ამისთვის მავალი ერთგვარ მექანიკურ ხელზე დამონტაჟებულ კამერას იყენებს.
Curiosity-იმ მარსზე 32-ზე მეტი კილომეტრი დაფარა და მეცნიერებს წითელი პლანეტის შესახებ ღირებული ინფორმაცია მიაწოდა. ის ჩვენს მეზობელ ციურ სხეულს NASA-ს შედარებით ახალ მავალთან ერთად შეისწავლის, რომელსაც Perseverance ეწოდება და სულ სხვა კრატერშია. როგორც ზედა გამოსახულებაზე ჩანს, მისი ბორბლები განსხვავებულია: ისინი შედარებით ვიწროა, დიდი დიამეტრით. ასევე, ზედაპირზე კლაკნილი ამობურცული ხაზების ნაცვლად, ოდნავ მრუდე ზოლები აქვს.
Perseverance-ის ბორბლების დიზაინი სწორედ იმ პრობლემების თავიდან ასაცილებლად შეიქმნა, რომლებიც Curiosity-ის შემთხვევაში გამოვლინდა. ჯერჯერობით ეს ამართლებს, რადგან ახალი აპარატის სავალი ნაწილი კარგ მდგომარეობაშია.
კომენტარები