მეცნიერთა ვარაუდით, მარსის ატმოსფეროს ნაწილი პლანეტის სიღრმეშია შემორჩენილი
მილიონობით წლის წინ მარსს სქელი ატმოსფერო ჰქონდა, მის ზედაპირზე კი თხევადი წყალი იყო. ორივე მათგანი დროთა განმავლობაში კოსმოსში გაიჟონა, მაგრამ ცნობილია, რომ პლანეტის სიღრმეში წყალი შემორჩენილია.
ახალი კვლევის თანახმად, იქ ატმოსფერული აირების დაახლოებით 4/5-იც გხვდება. ეს შესაძლოა, იმის ახსნაში დაგვეხმაროს, თუ როგორ დაკარგა მარსმა ატმოსფერო ან საიდან გაჩნდა მის ამჟამინდელ თხელ აირად გარსში მეთანი.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადრეულ პერიოდში ჩვენი მეზობელი ციური სხეულის ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის ნაწილმა თიხის დანალექებში გადაინაცვლა. ამაში მონაწილეობა წყალსაც უნდა მიეღო, რომელმაც ნელ ჯაჭვურ რეაქციას შეუწყო ხელი. შედეგად კი ნახშირორჟანგი მეთანად გარდაიქმნა, რომლის გამოყენებაც მომავალში ასტრონავტებს ენერგიის წყაროს სახით შეეძლებათ.
როცა მარსზე თხევადი წყალი იყო, მილიონობით წლის განმავლობაში ის მინერალ ოლივინთან ურთიერთქმედებდა, რომელიც რკინითაა მდიდარი. ამან ჟანგვითი რეაქცია განაპირობა, რამაც მარსის ზედაპირს მოწითალო შეფერილობა მისცა. შესაძლოა, იმავე მიზეზს წყალბადისა და ნახშირორჟანგის შერწყმაც გამოეწვია და მეთანი წარმოექმნა. თავად ოლივინი კი ჯერ სერპენტინიტად, შემდეგ კი თიხოვან სმექტიტად იქცეოდა და შიგნით მეთანს მოიმწყვდევდა.
დედამიწაზე მიმდინარე მსგავს პროცესებსა და მარსზე თიხების რაოდენობაზე დაყრდნობით სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამგვარ დანალექში ატმოსფერული ნახშირორჟანგის 80% უნდა მოხვედრილიყო.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები