განვითარებულ ქვეყნებში, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინვესტიციებშია ჩართული. ეს გასაკვირი სულაც არის არის, რადგან ინვესტირება გვეხმარება ფინანსური კეთილდღეობით უზრუნველვყოთ საკუთარი თავი და ჩვენი ოჯახი.

ჩვენ Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნიკა მაზანაშვილს ვესაუბრეთ. მან გვიამბო, როგორ დაინტერესდა ინვესტიციებით, რა გზა გაიარა აქამდე, რა რჩევები აქვს დამწყები ინვესტორებისთვის და ა.შ.

რა არის ინვესტირება და რა შესაძლებლობას სთავაზობს ადამიანებს?

ინვესტირება არის როგორც ინფლაციის დამარცხების, ისე კაპიტალის ზრდის ძალიან კარგი საშუალება. განვითარებული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი აბანდებს თანხებს საფონდო ბირჟებზე, აქციებში და ობლიგაციებში.

ალბათ ყველას სურს საკუთარი ბიზნესის დაწყება. ეს არის ძალიან დიდ რისკებთან, ძალიან დიდ ძალისხმევასთან დაკავშირებული. ბუნებრივია, ყველას არ აქვს ამის დრო და საშუალება.

ინვესტირება ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ბიზნესების მეწილეები.

ინვესტირებით ადამიანებს შეუძლიათ იყიდონ ისეთი კომპანიების აქციები, როგორებიც არის Apple, Google, Microsoft და სხვა. აქციების შეძენა არ არის უბრალო რაღაც, რაც ქაღალდზე წერია. მაგალითად, როცა ადამიანი Apple-ის $100-იან აქციას ყიდულობს, ჩვეულებრივად, ხდება მისი აქციონერი და თუ Apple დივიდენდს გასცემს, ამ ადამიანს შეუძლია მისი თანხის სახით მიღება.

გარდა ამისა, არის შემთხვევები, როცა ინვესტორებს აქვთ ხმის მიცემის უფლება კომპანიაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორიცაა ბორდის წევრების არჩევა, გენერალური დირექტორის დანიშვნა და სხვა.

როდის დაიწყეთ ინვესტირება? როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

ფინანსებით სკოლის პერიოდიდანვე დაინტერესებული ვიყავი. საინტერესო სფეროა, იქედან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ბიზნესს მოიცავს, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციების გაანალიზება სჭირდება იმას, რომ წარმატებული ინვესტორი იყო.

ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში იყო ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. აქციების შესახებ რაღაც გარკვეული წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ბევრი არაფერი ვიცოდი.

სულ პირველად დემო ანგარიში გავხსენი Galt & Taggart-ის პლატფორმაზე, რომელიც მაშინაც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია იყო თავის სფეროში. დემო ანგარიში ნიშნავს, რომ უბრალოდ ვირტუალური თანხით ყიდულობ და ყიდი აქციებს. მაშინ ხელოვნური ინტელექტით ვიყავი დაინტერესებული და დემო ანგარიშზე შევიძინე ისეთი ETF-ები, რომლებიც ამ სფეროს უკავშირდებოდა.

ETF-ის დახმარებით ინვესტორს შეუძლია თანხა დააბანდოს არა ცალკეულ კომპანიებში, არამედ მათ, ერთგვარ, ნაკრებში, რომელიც შეიძლება აერთიანებდეს 10, 20, 100, 500 კომპანიასაც კი.

2020 წლიდან, როდესაც Galt & Taggart-ში დავიწყე მუშაობა, პატარ-პატარა თანხებით დავიწყე ინვესტირებაც. პანდემიის პერიოდში საკმაოდ აქტიურად იზრდებოდა ბაზარი. ბევრი კომპანიის აქციას ვყიდულობდი მაშინ. თუ არ ვცდები, ერთ-ერთი პირველი აქცია Microsoft იყო. ახლა ვცდილობ ხშირად არ ვივაჭრო და ძირითადად, თანხებს ETF-ებში ვაბანდებ პერიოდულად.

როგორია თქვენი საინვესტიციო სტრატეგია?

თავიდან, როგორც ვთქვი, უფრო მეტად ვირტუალურად ვვაჭრობდი და ვცდილობდი მესწავლა ამ სფეროში რა და როგორ ხდებოდა. ვაკვირდებოდი კონკრეტულ სექტორებს, რომლებიც მომწონდა, მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს და ელექტრონულ ავტომობილებს.

ვკითხულობდი სტატიებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ბირჟებზე, ვუსმენდი პოდკასტებს, გამოწერილი მქონდა სიახლეები, რომლებიც მეილზე მომდიოდა. ფაქტობრივად, ახლაც ასეა. ვეცნობი კვლევებს, ვცდილობ დავინახო საითკენ მიდის ბირჟა, რა აქციებით და სექტორებით არიან დაინტერესებული ყველაზე დიდი ბანკები, ყველაზე დიდი ინვესტორები და ვმუშაობ იმაზე, რომ ამ კონკრეტულ კომპანიებში მე თვითონაც გარკვეული ანალიზები გავაკეთო — რამდენად სწრაფად ეზრდებათ შემოსავალი, რამე რისკების წინაშე ხომ არ დგას კომპანია და ა.შ.

უნდა წარმოვიდგინოთ როგორ განვითარდება ტექნოლოგიები. უნდა ვიპოვოთ კომპანიები, რომლებიც შეძლებენ მომავალში ლიდერები გახდნენ და ამის გათვალისწინებით მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება.

არასწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ერთ სტრატეგიაზე ვარ შეჯერებული. ამ სფეროში ძალიან აქტიურად ვარ ჩართული და მუდმივად ვეცნობი ახალ ამბებს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 5 წელია ვყიდულობ და ვყიდი აქციებს, მაინც ბევრ რაღაცას ვსწავლობ და სხვადასხვა სტრატეგიას ვტესტავ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად პოპულარული და წარმატებულია ეს სფერო საქართველოში? როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მის განვითარებას?

ჩემი აზრით, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან პროცენტულად არც თუ ისე ბევრი ადამიანი არის ჩართული ინვესტიციებში.

ჩვენ საკმაოდ ხშირად ვატარებთ ტრენინგებს ამ საკითხთან დაკავშირებით — რა არის ინვესტიციები, რატომ არის ის კარგი და ა.შ. ყველა ასეთ შეხვედრაზე მონაწილეების რაოდენობა იზრდება. სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. საკმაოდ საინტერესო შეკითხვები მოდის მათგან და ეს ძალიან მახარებს. აშკარად შესამჩნევია ამ სფეროს ზრდის სწრაფი ტემპი საქართველოში. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი ამ სფეროს განვითარებას — ჩემი აზრით, ადამიანებმა, გარკვეულწილად, ფინანსურ განათლებას დრო უნდა დაუთმონ. ჩვენ თვითონაც ვცდილობთ ამ მიმართულებით შეხვედრების, მასტერკლასების ჩატარებას, გარკვეული რესურსებიც გვაქვს, ვიდეოებს ვწერთ, რომელშიც მოკლედ მიმოვიხილავთ სხვადასხვა ინფორმაციას. თუმცა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის ამ სფეროს სრულყოფილად შესასწავლად.

ადამიანებმა თვითონ უნდა დაიწყონ ვაჭრობა, იყიდონ აქციები პატარ-პატარა თანხებით და დააკვირდნენ, როგორ იზრდება და მცირდება ის. უამრავი რესურსია, რომლის გამოყენებაც შეიძლება.

როგორ გვეხმარება საქართველოს ბანკის მობილბანკი ინვესტირებაში?

საქართველოს ბანკის მობილბანკში ინვესტიციების მოდული Galt & Taggart-ის ჩართულობით შეიქმნა. მისი ჩაშენების იდეა გაჩნდა პანდემიის პერიოდში, როდესაც დავინახეთ, რომ გლობალურად ისეთი ტალღა მოდიოდა, რომ ნებისმიერ ადამიანს ძალიან პატარა თანხებითაც შეეძლო ფასიან ქაღალდებში ინვესტირება. ნათელი გახდა, რომ ეს სფერო ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. მსგავსი რაღაცის შეთავაზება ჩვენი მომხმარებლებისთვისაც გვინდოდა.

საქართველოს ბანკის მობილბანკის ინვესტიციების ყველაზე დიდი უპირატესობა არის მისი სიმარტივე.

საქართველოს ბანკის მობილბანკში ძალიან მარტივია ანგარიშის გახსნა. თუნდაც $50-ით შეიძლება რაღაც აქციის პატარა ნაწილის შეძენა და პირველი ნაბიჯების გადადგმა.

თქვენი დაკვირვებით, როგორია დამწყები ინვესტორებისთვის ოპტიმალური საინვესტიციო სტრატეგია?

ვინც ფიქრობს, რომ არ აქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ აქტიურად იყოს ჩართული ამ სფეროში, მაშინ, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი და გამართლებული სტრატეგია არის S&P 500-ის ინდექსის აღება და მისი ETF-ებში ინვესტირება. აქ გვხვდება 500 ყველაზე დიდი და მომგებიანი კომპანია. თუ მოკლევადიან რყევებს არ მივაქცევთ ყურადღებას და ვირწმუნებთ იმას, რომ მსოფლიოს 500 ყველაზე დიდი კომპანია გრძელ ვადაში აუცილებლად გაიმარჯვებს, ეს ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგების მომტანი იქნება.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც ცოტა უფრო აქტიურად სურს ჩართვა ამ სფეროში, ამ შემთხვევაში, ჩემი რჩევა იქნება, რომ კარგად შეისწავლოთ კომპანია.

დაიწყეთ ინვესტირება ისეთ კომპანიებში, რომლის ბიზნესიც გესმით, რომლის პროდუქტებიც მოგწონთ, თავადაც იყენებთ და გჯერათ, რომ გააგრძელებენ საკუთარი სერვისების გაუმჯობესებას.

ინვესტირების დაწყებამდე საჭიროა სწორი მოლოდინების შექმნაც. ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ ძალიან რთული სფეროა, ან ძალიან დიდი თანხაა საჭირო პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. ან შეიძლება პირიქით ფიქრობდნენ, რომ ამ სფეროში მუშაობა მარტივია. რაც, ასევე, არასწორია.

მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი და სწორი ფინანსური ანალიზიც. ბირჟები ძალიან ცვალებადია. იღვიძებ და რაღაც სიახლის გამო შეიძლება ძალიან შეშინდე, ფიქრებს იმისკენ მიჰყავხარ, რომ ეს შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტული კომპანიის დასასრული. როგორც წესი, ასე არ არის, ისინი უძლებენ რყევებს და უფრო მეტად იზრდებიან.

საქართველოში ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება ჯერ არ გვაქვს დაგროვებული და როცა რაღაც არ იცი, ბუნებრივია უფრთხი სავარაუდო რისკებს. რეალურად, როგორც კი ამ შიშს დავძლევთ, დავინახავთ, რომ მთელ მსოფლიოში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ინვესტირება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სფერო და კაპიტალის გაზრდის საუკეთესო საშუალებაა.

საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.

*ეს არ არის ფინანსური რჩევა

თუ აქციებით ვაჭრობა გაინტერესებს და გსურს, იპოვო თანამოაზრეები, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.