ადამიანის გენომი 5D კრისტალში შეინახეს, რომელმაც შესაძლოა, მილიარდობით წელი გაძლოს
საუთჰემპტონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა სპეციალურ 5D კრისტალში მონაცემების შენახვის ეფექტიანობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს. მათ სილიციუმის დიოქსიდის შემცველ, ნანოსტრუქტურის მქონე, ამ მინისებრ მატერიაზე ადამიანის გენომი ამოტვიფრეს, რისთვისაც ლაზერები გამოიყენეს.
ეს ტექნოლოგია ახალი არაა. 2011 წლისთვის უკვე საკმარისად დახვეწილი იყო მეთოდები, რათა ზემოხსენებულ მასალაზე ფემტოწამი (წამის 10−15) ხანგრძლივობის ლაზერული პულსებით ნანომასშტაბის ფორმები ამოეკვეთათ. მათ ზომას სინათლის ნაკადის ენერგია განსაზღვრავს. კრისტალის 5 "განზომილებიდან" 2 ოპტიკურია, 3 კი სივრცული კოორდინატია.
მინისებრ მატერიაში ლაზერების დახმარებით გაკეთებული ჩაღრმავებები დაახლოებით 20 ნანომეტრი ზომისაა, ყველაზე დიდ ასეთ კრისტალს კი, მეცნიერთა თქმით, ასობით ტერაბაიტი მოცულობის ინფორმაციის დატევა შეუძლია. მაგნიტური ლენტებისგან და კომპაქტური დისკების ფოტომგრძნობიარე საღებავებისგან განსხვავებით, სილიციუმისა და ჟანგბადის მოლეკულების ბაზაზე შექმნილი ეს მასალა დროთა განმავლობაში ნაკლებ ცვლილებას განიცდის და მტკიცეა.
მსგავსი მახასიათებლის წყალობით, ამოტვიფრული მონაცემები უკიდურესად მაღალ და დაბალ ტემპერატურას, ასევე დარტყმას, უძლებს. მთავარია, მათ წასაკითხად/გასაშიფრად სათანადო ტექნოლოგია გვქონდეს, როგორიცაა ოპტიკური მიკროსკოპი და პოლარიზატორი. ტვიფრები განსხვავებულად ჩანს იმის მიხედვით, თუ რომელი კუთხიდან აკვირდებით და რამდენადაა გამოსახულება გადიდებული.
მკვლევრები ამბობენ, რომ შესაძლებელია, ამ სახით ინფორმაცია მილიარდობით წლის განმავლობაში, მეტ-ნაკლებად დაუზიანებლად და ძალიან კომპაქტურად, შევინახოთ. რაც შეეხება უკანასკნელ მიღწევას, მეცნიერებმა კრისტალში 3 მილიარდამდე სიმბოლოს მიმდევრობა დაიტანეს, რაც ადამიანის დნმ-ის ფუძეებს შეესაბამება. საერთო ჯამში, ეს დაახლოებით 800 მეგაბაიტი მოცულობის მონაცემებია.
კრისტალი ახლა ავსტრიის ქალაქ ჰალშტატში მდებარე მარილის შახტში ინახება, როგორც ერთგვარი "დროის კაფსული". თეორიულად, შესაძლებელია, რომ შორეულ მომავალში სათანადო ცოდნისა და ტექნოლოგიის მქონე ცივილიზაციამ (არამიწიერმა ან მიწიერმა) ამ გენომის მიხედვით ჰომო საპიენსის გაცოცხლება შეძლოს, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, სპეკულაციური იდეაა.
კომენტარები