მიკროპლასტმასა, ესაა პლასტმასის მცირე ზომის ნაწილაკები, რომლებიც ჩვენს გარშემო თითქმის ყველგანაა აღმოჩენილი. ისინი არა მხოლოდ გარემოში, არამედ ადამიანის ორგანიზმშიცაა დაფიქსირებული. გამონაკლისი არც ტვინია, თუმცა ახლა მეცნიერებმა ასეთ ფრაგმენტებს ამ ორგანოს იმ ნაწილში მიაგნეს, რომელიც სუნის აღქმაზეა პასუხისმგებელი.

მას ყნოსვითი ბოლქვი ეწოდება და სუნის შესახებ ინფორმაციას ცხვირიდან იღებს. სპეციალისტებმა ტვინის ეს რეგიონი 15 გვამის სხეულში შეისწავლეს. მიკროპლასტამასის არსებობა 8 მათგანის ბიოლოგიურ ქსოვილებში გამოვლინდა.

ავტორები ამბობენ, რომ ყველაზე დიდი კონცენტრაციით იქ პოლიპროპილენი იყო, რომელიც პროდუქტების შეფუთვებში, ავტონაწილებსა თუ სამედიცინო მოწყობილობებში გამოიყენება. ტვინში მიკვლეული ნაწილაკების ზომა 5.5-დან 26.4 მიკრომეტრამდე მერყეობდა, რაც ადამიანის თმის ღერის სისქის მეოთხედს არ აღემატება.

მიკროპლასტმასა.

ფოტო: Getty

წინა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დამაბინძურებელი ნახშირბადის ნაწილაკები სხეულში სწორედ ყნოსვითი სისტემის გზებით გავლით აღწევს. უკანასკნელი შედეგები კი მიანიშნებს, რომ შესაძლებელია, მიკროპლასტმასა ტვინში იმავენაირად ხვდებოდეს.

რა თქმა უნდა, ეს საგანგაშოა, მაგრამ პლასტმასის მოხმარება მაინც არ მცირდება. მართალია, მეტად ბიოდეგრადირებადი ასეთი სინთეტიკური მატერიის გამოყენებას ვცდილობთ, თუმცა ფაქტი ისაა, რომ წარმოებული პლასტმასის რაოდენობა ბოლო 20 წელში გაორმაგდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მსგავსმა ნაწილაკებმა ადამიანის ჯანმრთელობას, მაგრამ ტვინში მათი აღმოჩენა პოტენციურ რისკებზე გვაფიქრებს. მათ შორისაა ნეირონების დაზიანების პოტენციალი და ნევროლოგიური დარღვევების პროვოცირების შესაძლებლობა.

ახალი ნაშრომი გამოცემაში JAMA Network Open გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.