ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით ასტრონომები ადრეულ სამყაროში არსებულ გალაქტიკას დააკვირდნენ, რომელიც ცენტრალურმა ზემასიურმა შავმა ხვრელმა სიკვდილამდე მიიყვანა. ეს იმიტომ, რომ მან ახალი ვარსკვლავების წარმოსაქმნელად საჭირო აირი და მტვერი მთლიანად შთანთქა და განდევნა. გალაქტიკის სიკვდილად სწორედ ამ მატერიის გამოლევა მიიჩნევა, რის გამოც მნათობები ვეღარ ფორმირდება.

ასტრონომების თქმით, აღნიშნული პროცესი საკმაოდ მცირე დროში წარიმართა, რაც აირის ძალიან სწრაფი ნაკადების დამსახურებაა. თავად გალაქტიკას GS-10578 ეწოდება და ჩვენგან დაახლოებით 11.5 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული. ეს ნიშნავს, რომ მას ვხედავთ ისეთს, როგორიც დიდი აფეთქებიდან 2.3 მილიარდ წელში იყო.

სპეციალისტებს აქამდეც ჰქონდათ ეჭვი, რომ ამ სისტემაში მნათობების წარმოქმნის შეფერხება შავ ხვრელს უკავშირდებოდა, მაგრამ ვების დაკვირვებებით ეს საბოლოოდ დადასტურდა. ისინი ამბობენ, რომ უცნობია, მსგავსი ეფექტი სამუდამოა თუ დროებითი.

GS-10578 მზეზე 200 მილიარდჯერ მასიურია და იქ მნათობების უმეტესობა 12.5-11.5 მილიარდი წლის წინა შუა პერიოდში წარმოიშვა. ვარსკვლავების მაფორმირებელი მატერია შავი ხვრელის გავლენით საათში დაახლოებით 3500000 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რაც იმგვარი სისწრაფეა, რომ აირმა და მტვერმა გალაქტიკის გრავიტაციას დააღწია თავი.

ფოტო: NRAO/AUI/NSF

აირის ასეთი სწრაფად მოძრავი მატერია სხვა გალაქტიკებშიცაა დაფიქსირებული, მაგრამ ბევრად ნაკლებად მასიური. ვებმა იქ უფრო მკვრივი და ცივი მასებიც შენიშნა, რომლებიც მკრთალია, ამიტომ სხვა ტელესკოპების ობიექტივში არ გამოჩენილა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ნაკადს იმაზე მეტი მასა აქვს, ვიდრე ახალი ვარსკვლავების წარმოსაქმნელადაა საჭირო, ანუ შავი ხვრელი მას დიდი რაოდენობით განდევნიდა.

თეორიული მოდელების მიხედვით, "მკვდარი" გალაქტიკები ქაოსური და ტურბულენტურია, მოსალოდნელია ფორმის ცვლილებაც. ამის მიუხედავად, GS-10578-ში მნათობები ჩვეულებრივ მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ არსებობს გამონაკლისებიც. მის შესახებ მეტის გასაგებად მეცნიერები ასტრონომიული ინტერფერომეტრის ALMA გამოყენებას გეგმავენ, რომელიც 66 რადიოტელესკოპისგან შედგება.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.