18 სექტემბერს მთვარის ნაწილობრივი დაბნელება იქნება
წლევანდელი შემოდგომის ბუნიობის წინა სავსე მთვარე განსაკუთრებული იქნება, რადგან მის ნაწილობრივ დაბნელებას ვიხილავთ. ეს 18 სექტემბერს მოხდება (ადგილმდებარეობის მიხედვით, ზოგან 17 სექტემბერს) და ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ნაწილიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ევროპიდან, აფრიკის თითქმის ყველა რეგიონიდან (უკიდურესი აღმოსავლეთის გარდა), აზიისა და რუსეთის დასავლეთ არეალიდან და ანტარქტიკის ნაწილიდან გამოჩნდება.
ამ მოვლენას საქართველოდან სრულად, იდეალური ხილვადობით, ვერ დავაკვირდებით, რადგან გამთენიისას, მთვარის დაბნელების დროს, მისი დისკო ჰორიზონტზე ჩასვლას დაიწყებს (მხოლოდ -5°-ით მაღლა იქნება). დაბნელება თბილისის დროით 04:42 საათზე დაიწყება და 06:45 საათზე მაქსიმუმს მიაღწევს, როცა დედამიწის ჩრდილი მთვარის დაახლოებით 8%-ს გადაეფარება.
უნდა აღინიშნოს, რომ 18 სექტემბერს მთვარე ცაზე ჩვეულებრივზე დიდი ზომის გამოჩნდება. ის პლანეტის გარშემო საკუთარ ელიფსურ ორბიტაზე იმ წერტილს მიაღწევს, რომელიც დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა, რის გამოც მისი დისკო უფრო მოზრდილი იქნება. ასეთ სავსე მთვარეს "სუპერმთვარესაც" უწოდებენ.
რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ეს მაშინ ხდება, როცა მასა და მზეს შორის დედამიწა ექცევა. ამის შედეგად ციურ სხეულს ნაწილობრივ ან სრულად პლანეტის ჩრდილი ეფინება. ამ შემთხვევაში, მისი ზედა ნაწილი დაიჩრდილება, რაც ტელესკოპებით ან ბინოკლებით დაკვირვებისას კრატერებსა და სხვა წარმონაქმნებს უფრო კონტრასტულად გამოაჩენს. დანარჩენი დისკო ნახევარჩრდილში იქნება მოქცეული, ამიტომ მთვარე მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობას მიიღებს.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან მთვარის დაბნელება 17 სექტემბერს იქნება ხილული, ადგილობრივი დროით 10:44 საათზე. ევროპასა და აფრიკაში ეს მოვლენა 18 სექტემბრის განთიადის წინა პერიოდს ემთხვევა. მაგალითად, ლონდონში მაქსიმალური დაბნელება ადგილობრივი დროით 3:45 საათზე გამოჩნდება. კონკრეტული ქალაქების დროითი ინტერვალის სანახავად, გადადით ბმულზე — InTheSky.org.
ამ მოვლენისთვის თვალის მიდევნებას ონლაინაც შეძლებთ. გთავაზობთ პირდაპირი ტრანსლაციის ერთ-ერთ ბმულს:
კომენტარები