დედამიწაზე დაბრუნდა ეკიპაჟი, რომელმაც ახლახან კოსმოსში ისტორია დაწერა
Polaris Dawn უკვე დედამიწაზეა. SpaceX-ის კერძო მისია წარმატებით დასრულდა — სამოქალაქო ეკიპაჟი პლანეტაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა, თანაც კოსმოსური ტურიზმის ისტორიაში მნიშვნელოვანი მიღწევებით.
კაფსულის ტიპის კოსმოსურ აპარატ Dragon Resilience-ში მყოფი ადამიანები დედამიწაზე თბილისის დროით 15 სექტემბრის 11:36 საათზე დაბრუნდნენ. კერძოდ, ისინი პარაშუტებით მექსიკის ყურეში, ფლორიდის სანაპიროზე, დაეშვნენ. როგორც ცნობილია, ამ პროცესს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტებიც ადევნებდნენ თვალს, რომელთა თქმითაც, ეს შთამბეჭდავი სანახაობა იყო.
"Polaris Dawn დასრულებულია. მადლობა ყველას, ვინც ამ მისიის განხორციელებაში წვლილი შეიტანა", — განაცხადა ეკიპაჟის მეთაურმა, მილიარდერმა ჯარედ აიზეკმენმა, ოკეანეზე დაშვებისას.
Polaris Dawn სწორედ მის მიერაა დაფინანსებული და ორგანიზებული. ცნობილ მეწარმეს SpaceX-ის პირველ კერძო ფრენაშიც (Inspiration4) აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ უკანასკნელი მისია გამორჩეული იყო. მის ფარგლებში სამოქალაქო ეკიპაჟმა ახალი სკაფანდრები გამოცადა, ხოლო Dragon Resilience-ის დიზაინი შეიცვალა, რათა იქიდან ღია კოსმოსში გასვლა ყოფილიყო შესაძლებელი. ამისთვის მასზე სპეციალური სტრუქტურა Skywalker დამონტაჟდა.
12 სექტემბრის 14:48 საათზე კაფსულის ლუქიდან ღია კოსმოსში პირველად თავად ჯარედ აიზეკმენი გავიდა, რა დროსაც პლანეტისგან იმაზე მეტი მანძილი აშორებდა, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში მყოფ ასტრონავტებს. მის შემდეგ დედამიწის თვალწარმტაცი ხედი SpaceX-ის ინჟინერმა, სარა გილისმა, იხილა. მანამდე სამოქალაქო ეკიპაჟი ღია კოსმოსში არასდროს გასულა, ამიტომ მათ ისტორია დაწერეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ Polaris Dawn-მა ადამიანები პლანეტისგან იმ მანძილის მოშორებით წაიყვანა, სადაც კაცობრიობა 50 წელზე მეტია, არ ყოფილა. კონკრეტულად, აფრენიდან დაახლოებით 15 საათში ხომალდი 1 400.7 კილომეტრ სიმაღლეზე ავიდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სარა გილისი და ანა მენონი (ასევე SpaceX-ის ინჟინერი) არიან ქალები, რომლებმაც ყველაზე შორს იმოგზაურეს. მათთან და აიზეკმენთან ერთად ბორტზე აშშ-ის საჰაერო ძალების ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, სკოტ პოტიტი, იმყოფებოდა.
მაქსიმალურ სიმაღლემდე მიღწევის შემდეგ ისინი ქვემოთ, დაახლოებით 730 კილომეტრზე, დაეშვნენ, რათა კოსმოსში გასვლისას უსაფრთხო ზონაში ყოფილიყვნენ. ამის მიუხედავად, ხომალდი მაინც ვან ალენის რადიაციულ სარტყელში გადაადგილდებოდა, რომლის შესასწავლადაც აპარატი სათანადო სამეცნიერო ხელსაწყოთიც იყო აღჭურვილი.
Polaris Dawn დედამიწის ორბიტაზე ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან 10 სექტემბრის 13:24 საათზე გაუშვეს. ამის მიუხედავად, ფრენა უფრო ადრე იგეგმებოდა, მაგრამ რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ ამ პროგრამის ფარგლებში კიდევ 2 მისია უნდა შედგეს, საიდანაც ერთ-ერთი კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-ის დახმარებით განხორციელდება, რომელიც ამჟამად გამოცდის ეტაპზეა. მომავალში მან ადამიანები მარსზე უნდა წაიყვანოს.
კომენტარები