აი, რა დაინახა მილიარდერმა ჯარედ აიზეკმენმა, როცა ღია კოსმოსში გავიდა — ვიდეო
12 სექტემბერს კოსმოსური ტურიზმის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო, რადგან სამოქალაქო ეკიპაჟის წევრები ღია კოსმოსში პირველად გავიდნენ. ეს SpaceX-ის მისია Polaris Dawn-ის ფარგლებში მოხდა, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 10 სექტემბერს გაუშვეს.
თბილისის დროით 14:48 საათზე ხომალდ Dragon Resilience-ის ლუქიდან ღია კოსმოსში პირველად მილიარდერი და ცნობილი მეწარმე, ჯარედ აიზეკმენი, გავიდა, თუმცა არა მთელი ტანით. მის თვალწინ დედამიწის შთამბეჭდავი ხედი გადაიშალა, რომლით დატკბობის საშუალებაც რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდა. მას ამ დროს პლანეტიდან იმაზე მეტი მანძილი აშორებდა, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში მყოფ ასტრონავტებს.
კომპანია SpaceX-მა აიზეკმენი აპარატზე დამონტაჟებული კამერით გადაიღო, თუმცა გასაოცარი სანახაობა თავად მილიარდერის სკაფანდრზე არსებულმა კამერამაც აღბეჭდა. შესაბამისად, შეგვიძლია ჩვენც ვნახოთ, რა იხილა აიზეკმენმა ღია კოსმოსში გასვლისას.
კადრებში ვხედავთ, როგორ ადის ნელ-ნელა აიზეკმენი კაფსულის ლუქიდან, მალევე კი მზის სხივებით განათებული დედამიწა ჩნდება, კერძოდ, ავსტრალია.
"უკან, სახლში, ბევრი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ აქედან დანახული პლანეტა იდეალურია", — ამბობს ჯარედი ვიდეოში.
მის შემდეგ კოსმოსში SpaceX-ის ინჟინერი, სარა გილისი, გავიდა. დედამიწის ხედით დატკბობის პარალელურად, მათ ახალი სკაფანდრების მოქნილობა გამოცადეს, რისთვისაც სხვადასხვა მოძრაობა შეასრულეს. ეს პროცესი მთლიანობაში დაახლოებით 46 წუთი გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ 10 სექტემბერს, აფრენიდან დაახლოებით 15 საათში, ხომალდმა პლანეტისგან 1 400.7 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია, რაც მაქსიმალური დისტანცია იყო. ეს ნიშნავს, რომ Polaris Dawn-ის ეკიპაჟი ყველაზე შორს წავიდა, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
უნდა ითქვას, რომ მისია Polaris Dawn სულ 5 დღეს გრძელდება და ამ მცირე ხანში მნიშვნელოვანი მიღწევების მომსწრენი უკვე გავხდით.
კომენტარები