კვლევის თანახმად, ჰერპეს ზოსტერის ვაქცინა ინსულტისა და გულის შეტევის რისკებს ამცირებს

ფოტო: Getty Images
ახალი კვლევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირების მოულოდნელ მეთოდზე მიუთითებს. საუბარია ჰერპეს ზოსტერის ვაქცინაზე.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები კაცობრიობის სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი გულის შეტევითა და ინსულტით კვდება.
გულის დაავადებებისგან ყველაზე კარგი თავდაცვა ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება, საკმარისი ძილი, მოწევისგან თავის შეკავება და სტრესის მართვაა. და, აი, ახლა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი გამოჩნდა — ახალი კვლევის თანახმად, რომელიც სამხრეთ კორეაში 50 წელს გადაცილებულ 1,2 მილიონზე მეტ ადამიანს მოიცავს უთითებს, რომ მათ, ვინც ჰერპეს ზოსტერის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიკეთა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 23-პროცენტით დაბალი აქვთ.
კვლევის თანახმად, ეს ეფექტი ვაქცინაციიდან 8 წლის განმავლობაში მოქმედებდა. შედეგები უფრო გამოხატული იყო კაცებში, 60 წელზე უმცროს ადამიანებში და მათში, ვისაც არაჯანსაღი ჩვევები ჰქონდა, როგორიცაა მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება და ფიზიკურად ნაკლები აქტივობა.
ჰერპეს ზოსტერის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე ფართოდ არის რეკომენდებული 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, რათა დაიცვან თავი ვირუსული დაავადებისგან, რომელიც ცნობილია კანზე მტკივნეული გამონაყარითა და ბუშტუკებით.
ჰერპეს ზოსტერი დაკავშირებულია ჩუტყვავილას გამომწვევ ვირუსთან. ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ, როგორც წესი, ბავშვობაში, ვირუსი შეიძლება წლების ან ათწლეულების განმავლობაში მიძინებულ მდგომარეობაში დარჩეს და ეს ნერვულ უჯრედებში. ამის შემდეგ, შესაძლოა, დაავადება მოულოდნელად ხელახლა გააქტიურდეს.
ჰერპეს ზოსტერის ეფექტები საკმაოდ ცუდია. მიუხედავად იმისა, რომ გამონაყარი, როგორც წესი, რამდენიმე კვირაში ქრება, დაავადება შეიძლება ფარულად მაინც დარჩეს ორგანიზმში.
"ჰერპეს ზოსტერი მტკივნეულ გამონაყარს იწვევს და შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, განსაკუთრებით ხანდაზმულებსა და სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში. კვლევები გვიჩვენებს, რომ ვაქცინაციის გარეშე ადამიანების 30%-ს შეიძლება განუვითარდეს მსგავსი ჰერპესი", — განმარტავს სამხრეთ კორეის კიუნგ ჰის უნივერსიტეტის პედიატრი და მკვლევარი, დონგ კეონ იონი.
ყველაზე გავრცელებული გართულება ნერვის ხანგრძლივი ტკივილია, რომელიც შეიძლება თვეების ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს. თვალებთან ახლოს მდებარე ჰერპესმა ასევე შეიძლება მხედველობის გაუარესება და დაკარგვაც კი გამოიწვიოს.

ჰერპესული ზოსტერის პროგრესირება.
ფოტო: Wikimedia Commons
ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ჰერპეს ზოსტერი ასევე ზრდის ინსულტისა და გულის შეტევის რისკებს.
"გამონაყარის გარდა, ჰერპესული ზოსტერი დაკავშირებულია გულის პრობლემების მაღალ რისკთან, ამიტომ გვინდოდა გაგვერკვია, შეამცირებდა თუ არა ვაქცინაცია ამ ფაქტორებს", — თქვა იონიმ.
მკვლევრებმა გააერთიანეს სამხრეთ კორეის რამდენიმე სამთავრობო უწყების მონაცემები და საბოლოოდ 1.2 მილიონზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. 2012 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში ეს ინფორმაცია მოიცავდა ვაქცინაციის სტატუსის, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისა და სხვა შესაბამისი ფაქტორების შესახებ ინფორმაციას.
ვაქცინირებულ ადამიანებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საერთო რისკი 23%-ით დაბალი ჰქონდათ, მათ შორის გულის კორონალური დაავადების განვითარების 22%-ით ნაკლები, გულის უკმარისობისა კი 26%-ით ნალები. რაც შეეხება გულის შეტევასა და ინსულტს, ამ შემთხვევაში შანსები 26%-ით მცირდებოდა.
"ჰერპეს ზოსტერის ვაქცინა, შესაძლოა, გულის დაავადებების რისკის შემცირებაში დაგვეხმაროს, იმ ადამიანებშიც კი, რომლებსაც ხსენებული რისკ-ფაქტორები არ აქვთ", — ამბობს იონი.
იონის თქმით, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების დაზიანება, ანთება და თრომბის წარმოქმნა. ეს კი გულის დაავადების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს. მეორე მხრივ, ვაქცინას ამ რისკების შემცირება შეუძლია.
მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას გეგმავენ.
კვლევა ჟურნალში European Heart Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები