14 მაისის შუადღის 12:25 საათზე მზეზე X კატეგორიის ამოფრქვევა მოხდა, რომელიც 2025 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი იყო. აქტივობა ახლად ფორმირებულ მზის ლაქაში დაფიქსირდა, რომელსაც AR4087 ეწოდება.

ამან ევროპაში, აზიასა და შუა აღმოსავლეთში რადიო კომუნიკაციის R3 დონის ხარვეზები გამოიწვია. ეს ის რეგიონია, რომელიც იმ დროს მზის სხივებით იყო განათებული. ოკეანური და ატმოსფერული კვლევების სახელმწიფო სამსახურის კოსმოსური ამინდის პროგნოზის ცენტრის განცხადებით, ასეთი მასშტაბური ამოფრქვევები იშვიათია.

საქმე ისაა, რომ X კატეგორია სკალაზე სიძლიერით პირველ ადგილს იკავებს, მანამდე კი A, B, C და M-ია. ყოველი მომდევნო კატეგორია 10-ჯერ უფრო ენერგიულ ამოფრქვევას ნიშნავს. უკანასკნელი მოვლენა X2.7-ად შეფასდა, ანუ მთელი სისავსით მაინც არ გამოვლენილა, თუმცა რადიოსიგნალებზე გავლენა მაინც იქონია.

დედამიწის ის რეგიონი, რომლის ფარგლებშიც ამოფრქვევამ რადიო კომუნიკაციის შეფერხება გამოიწვია.

ფოტო: NOAA Space Weather Prediction Center

ამოფრქვევის შედეგად დედამიწისკენ სინათლის სიჩქარით რენტგენული და ულტრაიისფერი რადიაცია გამოემართა და ატმოსფეროს ზედა შრის იონიზაცია გამოიწვია. ამ უეცარმა ცვლილებამ მაღალი სიხშირის რადიოსიგნალების ხარვეზები განაპირობა და შედეგად ზემოთ ნაჩვენებ არეალში კომუნიკაცია შეფერხდა.

სავარაუდოდ, იყო თანმდევი კორონული მასის ამოფრქვევაც (CME), რაც ჯერ არ დადასტურებულა. ესაა მზის პლაზმისა და მაგნიტური ველის მასიური ნაკადი, რომელიც დედამიწაზე გეომაგნიტურ შტორმებსა და პოლარულ ნათებებს ედება საფუძვლად.

AR4087 მზის კიდესთან ახლოსაა, ამიტომ ამჟამად ჩვენი პლანეტის პირისპირ არაა მოქცეული. ამის მიუხედავად, ვარსკვლავის ეს ლაქა ნელ-ნელა დედამიწისკენ ტრიალდება.

"რას გეგმავს ეს აქტიური რეგიონი მომდევნო დღეებში?! მოგვიწევს, დაველოდოთ და თავად ვიხილოთ", — აცხადებს პოლარული ნათების ფოტოგრაფი, ვინსენტ ლედვინა.

14 მაისს AR4087-ის მიმდებარედ სხვა ამოფრქვევაც მოხდა. ეს M7.74 კატეგორიის მოვლენა იყო, რომელიც თბილისის დროით 15:18 საათზე დაფიქსირდა. მზის ლაქა დედამიწის პირისპირ მომდევნო კვირაში მოექცევა, ამიტომ, შესაძლოა, მომავალმა ამოფრქვევებმა გეომაგნიტური შტორმები და პოლარული ნათებები გამოიწვიოს

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.