გობის უდაბნოში აქამდე უცნობი პრეისტორიული ცხოველის ნამარხი აღმოაჩინეს
ძუძუმწოვარი დინოზავრების ხანიდან.

ფოტო: Kohei Futaka
ოკლაჰომის მეცნიერებათა უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, მონღოლეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგიისა და გეოლოგიის ინსტიტუტში მომუშავე კოლეგებთან ერთად, პრეისტორიული ძუძუმწოვრის ახალი გვარი და სახეობა აღმოაჩინეს. ის დედამიწაზე, მონღოლეთის გობის უდაბნოს ტერიტორიაზე, გვიან ცარცულ პერიოდში ბინადრობდა — 100-66 მილიონი წლის წინ.
ეს ძუძუმწოვარი დაახლოებით თაგვის ზომის იყო და მას მკვლევრებმა Ravjaa ishiii უწოდეს. ცხოველს სახელი ორი ადამიანის პატივსაცემად დაარქვეს: მეცხრამეტე საუკუნის მონღოლ ბუდისტ დულდუიტინ დანზანრავჯასა და კენიჩი იშის, რომელიც ჰაიასიბარას საბუნებისმეტყველო მუზეუმის ყოფილი დირექტორი იყო.
პალეონტოლოგთა ექსპედიცია 2019 წელს შედგა, თუმცა შედეგების გამოქვეყნება კორონავირუსის პანდემიამ გააჭიანურა. მათ ბაიანშირის ფორმაცია გამოიკვლიეს, რომელიც გობის უდაბნოში მდებარე, ნამარხებით მდიდარი დანალექია. სპეციალისტებმა ცხოველის ქვედა ყბის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომლის ზომაც მხოლოდ 1 სანტიმეტრია.
ანალიზის შედეგების მიხედვით ვარაუდობენ, რომ ის Zhelestidae-ს ძუძუმწოვართა ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა გრძელი ძირითადი კბილებითა (მოლარები) და ყბის ფორმით მონათესავე სახეობებისგან განსხვავდება. აქედან ასკვნიან, რომ საქმე აქამდე უცნობ გვართან და სახეობასთან გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დრომდე მონღოლეთის ტერიტორიაზე Zhelestidae არ იყო მიკვლეული. ეს მიუთითებს, რომ ისინი მხოლოდ ადრინდელ სანაპიროზე არ ცხოვრობდნენ, არამედ მის მოშორებით არსებულ ხმელეთზეც.
შესაბამისად, ბაინშირის ფორმაცია ხმელეთის ეკოსისტემაში მოყვავილე მცენარეების გადასვლის დროინდელია. სავარაუდოა, რომ თავად ახალაღმოჩენილი ძუძუმწოვარი ხილითა და თესლებით იკვებებოდა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს მიგნება ამ რეგიონში სხვა მომცრო ცხოველების ტაქსონომიურ შესწავლას შეუწყობს ხელს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Acta Palaeontologica Polonica გამოქვეყნდა.
კომენტარები