ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ობობას გენმოდიფიცირება შეძლეს და ამისთვის CRISPR-Cas9 ტექნოლოგია გამოიყენეს.

CRISPR-Cas9 გენების რედაქტირების შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელმაც ბიოლოგიაში რევოლუცია მოახდინა და მისმა შემქმნელებმა ნობელის პრემიაც მიიღეს. გენების რედაქტირების ეს მეთოდი გენომის ზუსტ ამოჭრასა და სხვა საჭირო გენების ჩასმაში გვეხმარება. ამიტომაც, CRISPR-ს როგორც გენეტიკურ მაკრატელს ისე მოიხსენიებენ ხოლმე.

ამჟამად, CRISPR-ს სხვადასხვა დაავადების განკურნებისა და ბიოლოგიური პროცესების შესახებ მეტის გასაგებად იყენებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეთოდი ცხოველის გენების შესაცვლელად გამოიყენეს. წარსულში მეცნიერებმა წარმატებით შექმნეს წითელთვალება კრაზანები და მალარიისადმი მდგრადი კოღოები, თუმცა ობობას შემთხვევაში ეს პირველი მსგავსი ექსპერიმენტია.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს აქამდე არასდროს მომხდარა, არის ის, რომ ობობებზე ლაბორატორიულ პირობებში მუშაობა რთულია. ობობები მრავალფეროვან ჯგუფს წარმოადგენენ, აქვთ გენომის რთული სტრუქტურა და მათი კანიბალისტური ბუნება ნიშნავს, რომ ისინი ცალ-ცალკე უნდა გაზარდო. ამის მიუხედავად, მეცნიერებმა Parasteatoda tepidariorum-ის გენმოდიფიცირება მაინც შეძლეს.

ამისთვის მკვლევრებმა ობობას ქსელი შეისწავლეს. ამ არსების ქსელი წარმოუდგენლად გამძლე და მეცნიერებისთვის საინტერესო ნივთიერებაა, რადგან ის ხუთჯერ უფრო მტკიცეა, ვიდრე იმავე წონის ფოლადი. ამავდროულად ბიოდეგრადირებადი, მსუბუქი და ელასტიკურია.

ობობების გენეტიკური მოდიფიკაციისთვის მეცნიერებმა საინიექციო ხსნარი შეიმუშავეს. მათ გამოიყენეს გენების რედაქტირების სპეციალური სისტემა, რომელიც ასევე მოიცავდა წითელი ფლუორესცენტული ცილის გენის თანმიმდევრობას. ეს ხსნარი შემდეგ შეიყვანეს გაუნაყოფიერებელი მდედრი ობობების კვერცხუჯრედებში. როდესაც ობობები მამრებთან შეწყვილდნენ, გენმოდიფიცირებული შთამომავლობა გაჩნდა.

მსგავს ექსპერიმენტებში ორგანიზმში ხშირად შეჰყავთ ფლუორესცენტული გენის ჩანართები, როგორიცაა წითელი ფლუორესცენტული ცილა. ამით მარტივია იმის დადგენა, გაამართლა თუ არა ექსპერიმენტმა. შესაბამისად, თუ ობობას ქსელი გარკვეული შუქის ქვეშ გაანათებდა, მაშინ ექსპერიმენტი წარმატებული იქნებოდა.

"ისტორიაში პირველად, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ CRISPR-Cas9-ის გამოყენება შესაძლებელია ობობას ქსელის ცილებში სასურველი თანმიმდევრობის ინკორპორირებისთვის. ამით შესაძლებელი გახდება ამ ქსელის ბოჭკოების ფუნქციონალიზაცია. ობობას ქსელზე CRISPR გენის რედაქტირების გამოყენება ძალიან პერსპექტიულია მასალათმცოდნეობის კვლევისთვის — მაგალითად, მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება ობობას ისედაც მკვრივი ქსელის კიდევ უფრო გასაძლიერებლად", — განაცხადა კვლევის უფროსმა ავტორმა, პროფესორმა დოქტორმა თომას შაიბელმა.

კვლევა ჟურნალში Angewandte Chemie გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.