საჰარის უდაბნოს თავზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) გადაღებულ ფოტოებში ასტრონავტმა თვალწარმტაცი პეიზაჟი დააფიქსირა. ეს გიგანტური ვულკანია, სახელად ემი კუსი, რომელიც ჩრდილოეთ ჩადის უდაბნოში მდებარეობს. ის მარილიანი ტბებით, უძველესი წყლების მშრალი კალაპოტებითა და გაქვავებული ლავითაა გარშემორტყმული. მისი დიამეტრი დაახლოებით 70 კილომეტრია.

ფოტოს ცენტრში ემი კუსის მწვერვალი ჩანს, რომელიც ელიფსურ კალდერაზეა განთავსებული. სწორედ ეს კალდერა ღრმა ქმნის ჩრდილებს, რომლებიც ყურადღებას იქცევს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3 415 მეტრია, რაც მას საჰარის უდაბნოს ყველაზე მაღალ წერტილად აქცევს.

ფოტო: Wikimedia Commons

თუ უკეთ დააკვირდებით, კრატერის ფსკერზე მბზინავ თეთრ არეალს შენიშნავთ. ის მარილით დაფარული მშრალი ტბის ფსკერია, რომელიც მუქი ლავის ფონზე მკვეთრად გამოირჩევა. ტბა მწვერვალზე დაახლოებით 745 მეტრით დაბლა მდებარეობს. მის ახლომახლო ვულკანური ხვრელებიც მოჩანს, რომლებიც წარსულში ამოფრქვევის შედეგია. ისინი პეიზაჟს უფრო დრამატულ იერს სძენს.

ვულკანის ფერდობებზე არაერთი მშრალი კალაპოტია შესამჩნევი. ისინი წვრილი ხაზებივით ჩნდება და კალდერადან ყველა მიმართულებით იშლება. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში თითქმის არ წვიმს, გეოლოგები ფიქრობენ, რომ ეს არხები ათასობით წლის წინ წყლის ეროზიის შედეგად ჩამოყალიბდა.

ვულკანის ჩრდილოეთ ფერდობზე მრგვალი კონუსებისა და ხვრელების მცირე ზომის მწკრივი ჩანს. ის მეზობელი ვულკანისკენ, ტარსო აჰონისკენ, მიემართება. მასა და ემი კუსს შორის მდებარე დაბლობში ღრმა კანიონებია, რომლებიც ყველაზე დიდ ჩრდილებს ქმნის. ერთ-ერთის სიღრმე 600 მეტრია, მეორისა კი — 250. ეს კანიონები სწორედ იმ ადგილას წარმოიშვა, სადაც ემი კუსისა და ტარსო აჰონის გარშემო დაგროვებული წყლები იყრიდა თავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.