ალქიმიკოსების ოცნება ახდა — CERN-ში ტყვია ოქროდ აქციეს
"ფილოსოფიური ქვა" ნაპოვნია და ეს მსოფლიოს უდიდესი ნაწილაკთა ამაჩქარებელია.

ფოტო: Getty
შუა საუკუნეებში ალქიმიკოსები შეპყრობილნი იყვნენ იდეით, რომ ჩვეულებრივი ლითონები ოქროდ ექციათ. მათ სჯეროდათ, რომ ამაში ნივთიერება დაეხმარებოდათ, რომელსაც "ფილოსოფიურ ქვას" უწოდებდნენ. ახლა მეცნიერებმა ასეთი "ფილოსოფიური ქვა" აღმოაჩინეს — CERN-ში არსებული დიდი ადრონული კოლაიდერი.
ცნობილი ხდება, რომ ნაწილაკთა ამაჩქარებელში 2015-18 წლებში ოქროს 86 მილიარდი ბირთვი შეიქმნა. ეს ძვირფასი ლითონი მეცნიერებმა ტყვიის ატომებით მიიღეს, რომლებიც ერთმანეთს სინათლის სიჩქარის 99.999993% სისწრაფით ეჯახებოდა. შედეგად მიღებული ოქრო გრამის 29 მეტრილიონედი იყო და ის წამში ნადგურდებოდა.
ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ექსპერიმენტ ALICE-ის დეტექტორებმა დააფიქსირა, რომელიც იშვიათი ელექტრომაგნიტური ბირთვული ტრანსმუტაციების შესწავლის საშუალებას იძლევა.
არისტოტელეს ფილოსოფიური ხედვის გავლენით ალქიმიკოსებს სჯეროდათ, რომ ტყვიისა და ოქროს ერთნაირი სიმკვრივე პირველის "განკურნებით" მეორის მიღების შანსზე მიანიშნებდა. მათი მოსაზრება სიმართლის მარცვალს შეიცავდა, რადგან პერიოდულ სისტემაში ეს ორი ელემენტი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. ოქროს 79 პროტონი აქვს, რაც ტყვიისას მხოლოდ 3-ით ჩამოუვარდება.
ეს ნიშნავს, რომ ნაწილაკთა მძლავრ ამაჩქარებლებში მიმდინარე შეჯახებებით ტყვიიდან ამ 3 პროტონისა და ზოგიერთი ნეიტრონის მოშორებაა შესაძლებელი, რითაც ოქროს მივიღებთ. თუ 2 პროტონს გამოვაკლებთ, უკვე ვერცხლისწყალს მივიღებთ, 1-ის შემთხვევაში კი — თალიუმს. ამ ყველაფერზე დასაკვირვებლად CERN-ის მეცნიერებმა ALICE-ის მგრძნობიარე დეტექტორები გამოიყენეს. ესაა ნულოვანი გრადუსის კალორიმეტრები, რომლებიც კოლაიდერში ყოველწამიერად ურთიერთმოქმედ პროტონებსა და ნეიტრონებს აფიქსირებს.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ ოქრო ვერცხლისწყალსა და თალიუმზე მცირე რაოდენობით წარმოიქმნა. ამის მიუხედავად, მესამე ექსპერიმენტის მიმდინარეობისას წამში დაახლოებით 89 000 ბირთვი შეიქმნა, ანუ წინა მაჩვენებელთან შედარებით თითქმის გაორმაგებული, რაც მეტი ენერგიის დამსახურებაა.
ფიზიკოსები ამბობენ, რომ ეს შედეგები ელექტრომაგნიტური დისოციაციის თეორიული მოდელების გაუმჯობესებასა და კოლაიდერების მუშაობის უკეთ პროგნოზირებაში დაგვეხმარება.
კომენტარები