Scripps Research-ისა და ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერების მიერ გაკეთებულმა აღმოჩენამ, შესაძლოა, ნათელი მოჰფინოს სიცოცხლის ევოლუციას დედამიწაზე და უფრო ეფექტური ბიოსაწვავის წარმოებისკენ გაგვიხსნას გზა.

ადრეული დედამიწა უკიდურესად საფრთხის შემცველი გარემოებებით — მაღალი ტემპერატურით, ვულკანური აქტივობებითა და პრიმიტიული ატმოსფეროთი გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ ქაოსურ პირობებში გაჩნდა სიცოცხლისთვის აუცილებელი ისეთი მოლეკულები, როგორებიცაა შაქრები, ამინომჟავები და ნუკლეოტიდები. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპოთეზის მიხედვით, სიცოცხლისთვის აუცილებელი რიბოზა (შაქარი, რომელიც რნმ-ს სტრუქტურაში გვხვდება) ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიშვა, რომელიც ფორმალდეჰიდის მოლეკულებში მიმდინარეობდა, მაგრამ ახალი კვლევა ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს.

ჟურნალ Chem-ში გამოქვეყნებული ნაშრომი ამ ჰიპოთეზის საფუძვლიანად გადახედვას გვთავაზობს. საქმე ეხება ეგრეთ წოდებულ "ფორმოზის რეაქციას", რომლის მიხედვითაც ადრეულ დედამიწაზე ფორმალდეჰიდის მოლეკულები ერთმანეთთან რეაგირებდა და რიბოზას წარმოქმნიდა, მაგრამ ახალმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ რეაქციის შედეგად ძირითადად წარმოიქმნება განშტოებული შაქრები და არა ის წრფივი სტრუქტურები, რომლებიც რნმ-სთვისაა დამახასიათებელი.

ფორმოზის რეაქციის დროს ფორმალდეჰიდის მოლეკულები (წითლად აღნიშნული) სპონტანურად და განმეორებით რეაგირებენ ერთმანეთთან, რათა შექმნან უფრო დიდი მოლეკულები. Scripps Research-ის მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ეს რეაქცია არ იწვევს ისეთი შაქრების წარმოქმნას, როგორიცაა რიბოზა (ვარდისფერი) — სწორედ ეს შაქრებია სიცოცხლისთვის აუცილებელი სტრუქტურული ერთეულები.

ფოტო: Scripps Research

ეს აღმოჩენა ჩვენს წარმოდგენას სიცოცხლის მოლეკულების წარმოშობაზე მთლიანად ცვლის და ამავე დროს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გახდეს ბიოსაწვავის წარმოებისთვისაც.

"ფორმოზის რეაქციას, რიბოზას წარმოქმნასთან მიმართებით, სერიოზული გადაფასება სჭირდება. საჭიროა სხვა მოდელების განხილვაც, თუ გვინდა გავიგოთ, როგორ წარმოიშვა ეს შაქარი ადრეულ დედამიწაზე", — ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი რამანარაიანან კრიშნამურთი Scripps Research-იდან.

ფორმოზის რეაქცია პირველად 1861 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს. ამ პროცესში ფორმალდეჰიდის მოლეკულები ერთმანეთთან რეაგირებენ და ქმნიან უფრო დიდ მოლეკულებს. პროცესი იწყება ნელა, მაგრამ სწრაფად გადადის უკონტროლო ფაზაში. რეაქციის შედეგად მიღებული ნარევი ფერს იცვლის, უფეროდან ყვითელში, ყავისფერში და ბოლოს შავში გადადის. როგორც კრიშნამურთი ამბობს, ეს პროცესი "კარამელიზაციას" ჰგავს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევამ ვერ დაადასტურა ფორმოზის რეაქციის როლი სიცოცხლისთვის აუცილებელი შაქრების წარმოშობაში, აღმოჩენილმა შედეგებმა შესაძლოა მოიცვას სხვა სფეროები. მაგალითად, განშტოებული შაქრები ბიოსაწვავის ინდუსტრიისთვის ძალიან სასარგებლო კომპონენტი იქნება.

"ჩვენი აღმოჩენები შეიძლება ბიოსაწვავის წარმოებისთვისაც გამოსადეგი გახდეს, რადგან ვაჩვენეთ, რომ მარტივ პირობებში შესაძლებელია უფრო სუფთად მივიღოთ განშტოებული შაქრები, რომლებიც ეკომეგობრული საწვავის წარმოებაში გამოიყენება", — განმარტავს კრიშნამურთი.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მათი ნაშრომი სხვებსაც შთააგონებს ახალი იდეების შესამუშავებლად.

"ჩვენი მიზანი იყო მიგვეთითებინა იმ პრობლემებზე, რომლებიც ფორმოზის რეაქციაში წარმოიქმნება. ეს არ ნიშნავს, რომ კვლევა ამით დასრულდა, შესაძლოა ვინმემ იპოვოს გზა ამ გამოწვევების დასაძლევად. ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოება იფიქრებს სხვაგვარად და ახალი გზებით ეცდება ახსნას, თუ როგორ გაჩნდა შაქრები ადრეულ დედამიწაზე", — ამბობს კრიშნამურთი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.