"დედამიწაზე სიცოცხლეს მზე გაანადგურებს" — ილონ მასკი მარსზე დასახლების მიზეზზე საუბრობს

ფოტო: Inc. Magazine
ილონ მასკის ყველაზე დიდი გეგმა მარსზე ადამიანთა კოლონიის დაარსებაა, რაც კაცობრიობის მრავაპლანეტურ ცივილიზაციად გადასაქცევად პირველი ნაბიჯია. მილიარდერის აზრით, ესაა გზა, რომ ჩვენი სახეობა არ განადგურდეს, თუკი დედამიწას რაიმე დაემართება.
"თუკი" აქ პირობითია, რადგან ჩვენი პლანეტა სამუდამოდ ვერ იარსებებს. გასათვალისწინებელია, რომ მზე უფრო და უფრო ცხელდება, ამიტომ მომავალში დედამიწის ატმოსფერო გაქრება, ხოლო ოკეანეები აორთქლდება. ეს აქ არსებულ სიცოცხლეს გაანადგურებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ვარსკვლავი წითელ გიგანტად გადაიქცევა, ანუ გაფართოვდება და დედამიწა პლაზმის სფეროში მოექცევა (იხილეთ: როდის "ჩაქრება" ჩვენი მზე?).
"მარსზე ამერიკელი ასტრონავტების გაშვებას პრიორიტეტად ვაქცევთ. წითელი პლანეტის ერთ-ერთი სარგებელი ისაა, რომ სიცოცხლის გარანტიას გვთავაზობს. საბოლოოდ, დედამიწაზე სიცოცხლეს მზე გაანადგურებს. ის ნელ-ნელა ფართოვდება, შესაბამისად რაღაც მომენტში მრავალპლანეტურ ცივილიზაციად გადაქცევა დაგვჭირდება, რადგან დედამიწა მთლიანად დაიწვება", — განაცხადა მასკმა Fox News-თან ინტერვიუში.
მასკმა თქვა, რომ იქამდე დაახლოებით 450 მილიონი წელია, "სანამ მზე იმდენად გაცხელდება, რომ სიცოცხლე შეუძლებელი გახდება". ეს საკმაოდ დიდი დროა, რათა მისმა კომპანია SpaceX-მა მარსზე წასასვლელად საჭირო რაკეტა Starship-ის შექმნა და გამოცდა დაასრულოს.
ეს აპარატი ტესტირების ფარგლებში 8-ჯერ აფრინდა, მათ შორის ორჯერ ამ წელში. 2025-ის მისიები ნაწილობრივ წარმატებული იყო: Starship-ის პირველი საფეხური, Super Heavy, უკან უსაფრთხოდ დაბრუნდა, მაგრამ მეორე საფეხური ორივეჯერ აფეთქდა. ახლა კომპანია მომდევნო ფრენისთვის ემზადება, თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები