მეცნიერებმა კოსმოსური სურათები მუსიკად აქციეს — მოუსმინეთ შავი ხვრელების სიმფონიას

ფოტო: NASA
ტელესკოპების მიერ დაფიქსირებული კოსმოსური სურათები ვიზუალურად შთამბეჭდავია, თუმცა მათი მუსიკად ქცევაც შესაძლებელია. ამას სონიფიკაცია ეწოდება და მონაცემების აუდიო ფორმატში გადაყვანას გულისხმობს.
სწორედ ეს გააკეთეს მეცნიერებმა, რომლებმაც შავი ხვრელების ევოლუციის სხვადასხვა ეტაპი ერთგვარ კოსმოსურ სიმფონიად აქციეს. ამისთვის სპეციალისტებმა NASA-ს ჩანდრას რენტგენული ობსერვატორიის, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისა და რენტგენულ-პოლარიმეტრული ზონდის მიერ შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენეს.
შედეგად შეიქმნა სამი სონიფიკაცია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, კოსმოსს "მოვუსმინოთ" და შავი ხვრელების სხვადასხვა ასპექტი ბგერების სახით აღვიქვათ. აი, პირველი მათგანი:
ეს უჩვეულო მელოდია შავი ხვრელის პოტენციურ დაბადებას გვამცნობს. სურათის ცენტრში WR 124-ის სახელით ცნობილი ვარსკვლავია, რომლის გარე შრეებიც მიმდებარე სივრცეშია გაფანტული და მტვერ-აირის გასაოცარ ნისლეულს ქმნის. ის ჩვენგან დაახლოებით 28 000 სინათლის წლითაა დაშორებული და ვოლფ-რაიეს ტიპს მიეკუთვნება — კაშკაშა, მასიურ და ხანმოკლე სიცოცხლის მქონე მნათობებს. შესაძლოა, ასეთი ობიექტი სიცოცხლის ბოლოს აფეთქდეს და შავი ხვრელი წარმოქმნას.
WR 124-ის სონიფიკაცია კივილის მსგავსი ხმით იწყება, რომელიც ვარსკვლავის ცხელი ბირთვის მდებარეობას შეესაბამება. მრგვალი ნიშნული სურათის ცენტრიდან გარეთ მიემართება და გზად შემხვედრ მტვერსა თუ ფონურად გამოჩენილ ობიექტებს სხვადასხვა ბგერით წარმოგვიდგენს. მელოდიაში ფლეიტის, ზარების, არფისა და სიმების ჟღერადობა ისმის.
მეორე სონიფიკაცია ბინარულ სისტემა SS 433-ს ეკუთვნის:
ის ჩვენგან 18 000 სინათლის წლითაა დაშორებული. სისტემაში მზის ვარსკვლავი და უფრო მასიური ობიექტია — შავი ხვრელი ან ნეიტრონული ვარსკვლავი. იქიდან მომავალი ცვალებადი რენტგენული გამოსხივება სხვადასხვა ბგერითაა გადმოცემული, მათ შორის მუსიკალური ინსტრუმენტების. ფონზე არსებულ კაშკაშა მნათობებს წყლის წვეთის დაცემის მსგავსი ხმა შეესაბამება, მკაფიო დაწკაპუნების მაგვარი ხმა კი — თავად ბინარული ობიექტების მდებარეობას.
ბოლო სონიფიკაცია კენტავრ A-ს გვაცნობს. ეს გალაქტიკა 12 მილიონი სინათლის წლის მოშორებითაა და მის ცენტრში ზემასიური შავი ხვრელია, რომელიც ძლიერ ნაკადებს წარმოქმნის. აუდიო ფორმატში რენტგენული გამოსხივება ქარის ზარების მსგავსი ხმებითაა წარმოდგენილი, ხილული სინათლე კი — სიმებიანი საკრავების ტონალობებით.
კომენტარები