საფრანგეთი 2040 წლისთვის რობოტების არმიის შექმნას გეგმავს

ფოტო: Futurism
გლობალური სამხედრო ხარჯები ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება და ამან ფაქტობრივად უპრეცედენტო მაჩვენებლებს მიაღწია.
ხარჯების დიდი ნაწილი სამხედრო ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე მოდის. 2021-დან 2023 წლამდე ვენჩურული კაპიტალის კომპანიებმა მხოლოდ აშშ-ში სამხედრო ტექნოლოგიების სტარტაპებში 100 მილიარდი დოლარი ჩადეს. ეს მოიცავს როგორც საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს, ასევე საბრძოლო დრონებს.
ამდენი სტარტაპისა და ტექნოლოგიური ინოვაციის ფონზე, სულ უფრო რთულია იმის თქმა, თუ როგორი იქნება მომავლის ომები (კარგი იქნებოდა საერთოდ არ ყოფილიყო).
ამის ფონზე საინტერესოა საფრანგეთის ახალი ინიციატივა, რის მიხედვითაც, ქვეყანას 2028 წლისთვის მებრძოლი რობოტები ეყოლება.
"ვიმედოვნებთ, რომ სამ წელიწადში, ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, პირველი სახმელეთო მებრძოლი რობოტები გვეყოლება", — განაცხადა ფრანგული არმიის მომავლის საბრძოლო პროგრამების მეთაურმა, გენერალმა ბრუნო ბარაცმა,
ბარაცმა ისიც აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი 2040 წლისთვის მზად იქნება. მისი თქმით, მათ უკვე დაიწყეს მსგავსი რობოტების შემუშავება და ნაწილობრივ გამოცადეს კიდევაც.
საფრანგეთის არმია რობოტული დანაყოფების გამოყენებას სხვადასხვა ამოცანისთვის გეგმავს, დაწყებული დაზვერვით, დასრულებული ნაღმების გაწმენდით.
"ახლა ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ რობოტს შეუძლია უფრო ეფექტური იყოს უშუალო კონტაქტურ ბრძოლაშიც. ჩვენი მიზანია რობოტმა საბრძოლო შესაძლებლობები დახვეწოს და განავითაროს", — განაცხადა ფრანგმა გენერალმა ტონი მაფეისმა.
ფრანგმა გენერლებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის აგრესიასაც და აღნიშნეს, რომ მსგავსი ტექნოლოგია აგრესორი ქვეყნის შესაკავებლადაც შეიძლება გამოიყენონ.
კომენტარები