1905 წელს ტენესის შტატში არსებული კრეგჰედის მღვიმეების უზარმაზარ სისტემაში 13 წლის ბიჭმა თამაშისას სრულიად შემთხვევით მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთა. მან პატარა ღიობი შენიშნა და იქ შეძრომა გადაწყვიტა, მეორე მხარეს კი გასაოცარი რამ დახვდა — მიწისქვეშა ტბა, რომელიც იმდენად დიდი ზომისაა, რომ მის ბოლოში გაღწევა ამ დრომდე ვერავინ შეძლო.

კრეგჰედის მღვიმეების არსებობა ჯერ კიდევ ამერიკის აბორიგენების, ჩეროკების, დროიდანაა ცნობილი. მღვიმის ერთ ნაწილში არტეფაქტებსაც მიაგნეს, როგორიცაა კერამიკული ჭურჭელი, სამკაულები, ისრის თავები და სხვადასხვა იარაღი. 1800-იან წლებში ამ გრილ გარემოს ევროპელი კოლონიზატორები კარტოფილისა და სხვა ბოსტნეულის შესანახად იყენებდნენ. ასევე, მღვიმეში შემორჩენილია ერთ-ერთი კონფედერატი ჯარისკაცის მიერ დატოვებული წარწერა "1863", რომელიც ნახშირბადული დათარიღებით მართლაც იმავე წელს მიაკუთვნეს.

მღვიმეში პლეისტოცენის პერიოდში გიგანტური იაგუარის გადაადგილების კვალიცაა შემონახული. როგორც ჩანს, ეს მტაცებელი იქ დაახლოებით 20 000 წლის წინ დაიკარგა, გამოსვლის მცდელობისას კი კლდოვან ნაპრალში ჩავარდა და მოკვდა. რაც ყველაზე საინტერესოა, კრეკჰედის მიწისქვეშა ტბის არსებობის შესახებ არავინ იცოდა, სანამ პატარა ბენ სენდსი მღვიმის კედელში ვიწრო შესასვლელს იპოვიდა.

მან დაახლოებით 12 მეტრი სიგრძის გვირაბი გაიარა, რომლის დიამეტრიც ველოსიპედის ბორბლის ზომისა იყო. იქიდან ის წყალში მოხვდა, რომელიც მას მუხლამდე სწვდებოდა და მღვიმეს ნახევრად ავსებდა. ბიჭის სანათი იმდენად სუსტი იყო, რომ სინათლე მეორე მხარეს ვერ აღწევდა. მან სხვადასხვა მიმართულებით ტალახის ბურთების სროლა დაიწყო, მაგრამ მხოლოდ მათი წყალში ჩაცვენის ხმა ესმოდა.

სწორედ იქ, სადაც სენდსი ტბაში პირველად მოხვდა, დღეს დაახლოებით 300 ცისარტყელა კალმახი ბინადრობს, რომლებიც იქ მოგვიანებით შეიყვანეს. იმედოვნებდნენ, რომ თევზები ტბაში სხვა მღვიმურ შესასვლელებს აღმოაჩენდნენ და მეცნიერებს ტბის დანარჩენ ნაწილებშიც გაიყვანდნენ. საკვების წყაროს გარეშე დარჩენილმა თევზებმა ისწავლეს, რომ ტურისტული ნავებით მოტანილ მარაგს უნდა დაელოდონ.

"მათ იქ უკვე იმდენი დრო დაჰყვეს, რომ ნაწილობრივ დაკარგეს როგორც მხედველობა, ისე ფერი. მღვიმეში, რა თქმა უნდა, ბუნებრივი განათება არაა, ამიტომ მათ პიგმენტაცია აღარ უნარჩუნდებათ", — აცხადებენ მეცნიერები.

დღესდღეობით ტბის ნაწილი უკეთაა შესწავლილი. ვიცით, რომ ის დაახლოებით 243 მეტრი სიგრძისაა და 67 მეტრ სიგანეზე ვრცელდება. ამის მიუხედავად, ეს მხოლოდ მცირე მონაკვეთია, რომელიც ზედაპირზე ჩანს. წყალქვეშ ტბა სხვა მღვიმეებს უკავშირდება. მყვინთავებმა 5.2 ჰექტარზე მეტი ფართობის მქონე ტერიტორია უკვე გამოიკვლიეს და რუკაც შეადგინეს, თუმცა კვლავაც არ ვიცით, სად მთავრდება ტბა. სწორედ ამიტომ მიიჩნევა ეს ადგილი ეროვნულ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობად და ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდ მიწისქვეშა ტბად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.