ახალი ნაშრომის მიხედვით, სამყარო მოსალოდნელზე სწრაფად ქრება
მკვლევრებმა ისიც გამოთვალეს, რა დრო დასჭირდებოდა ადამიანის გაქრობას კონკრეტული პროცესის ფარგლებში.

ფოტო: Daniëlle Futselaar/artsource.nl
სამყარო იმაზე ბევრად სწრაფად იშლება, ვიდრე წარმოგვედგინა. მეცნიერები ამას ე. წ. ჰოკინგის რადიაციაზე ჩატარებული გამოთვლების საფუძველზე ფიქრობენ. გამოთვლების მიხედვით, ბოლო ციური სხეულები დაახლოებით 1078 წელიწადში გაქრება, როცა სავარაუდო დროდ აქამდე 101100 წელი მიიჩნეოდა.
ახალი კვლევის ავტორებმა — ჰეინო ფალკემ, მაიკლ ვონდრაკმა და უოლტერ ვან სუილეკომმა — 2023 წელს სხვა ნაშრომიც გამოაქვეყნეს. ამტკიცებდნენ, რომ ჰოკინგის რადიაციის მსგავსი პროცესის შედეგად არამხოლოდ შავი ხვრელები, არამედ ნეიტრონული ვარსკვლავებიც შეიძლება "აორთქლდეს". სამეცნიერო საზოგადოებაში და მის გარეთ ბევრი დაინტერესდა, რა დრო დასჭირდებოდა ამას. ახალი სტატიით მკვლევრები ამ კითხვას სცემენ პასუხს.
ცნობისთვის: 1078 რიცხვია, რომელსაც 10-ის საკუთარ თავზე 78-ჯერ გადამრავლებით მივიღებთ. 78-ს ამ შემთხვევაში სტრიქონზედა ნიშანი ეწოდება.
მათი გამოთვლით, სამყაროს აღსასრულისაგან 1078 წელი გვაშორებს — თუ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჰოკინგის რადიაციის მსგავს ფენომენს გავითვალისწინებთ. ამდენი დროა საჭირო, რომ ჰოკინგის რადიაციის მსგავსი გამოსხივებით თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები დაიშალოს — ყველაზე გამძლე ციური სხეულები.
წინა კვლევებით, რომლებშიც ეს ფენომენი არ გაუთვალისწინებიათ, თეთრი ჯუჯების სიცოცხლის ხანგრძლივობად 101100 წელი გამოთვალეს. ნაშრომის მთავარი ავტორის, ჰეინო ფალკეს, თქმით, "სამყაროს საბოლოო აღსასრული მოსალოდნელზე სწრაფად დადგება, თუმცა, საბედნიეროდ, ამას მაინც დიდი დრო სჭირდება".
მკვლევართა ნაშრომი ჰოკინგის რადიაციის ერთგვარი ხელახალი ინტერპრეტაციაა. 1975 წელს ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა ივარაუდა, რომ, ფარდობითობის თეორიის საპირისპიროდ, შავი ხვრელიდან ნაწილაკები და გამოსხივება გააღწევდა. შავი ხვრელის კიდეზე შეიძლება ორი დროებითი ნაწილაკი წარმოიქმნას; მათ შერწყმამდე ერთი ნაწილაკი შავი ხვრელის მიერ შთაინთქმება, მეორე კი — დაუსხლტება მას.
ჰოკინგის გამოსხივების ერთ-ერთი შედეგი ისაა, რომ ძალიან ნელა შავი ხვრელი ნაწილაკებად და გამოსხივებად იშლება. ეს ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმად, შავი ხვრელები მხოლოდ შეიძლება იზრდებოდეს.
ნეიტრონული ვარსკვლავიც ისეთივე ნელია, როგორიც — შავი ხვრელი
მკვლევართა გამოთვლების მიხედვით, ჰოკინგის რადიაცია, თეორიულად, გრავიტაციული ველის მქონე სხვა ობიექტებსაც შეეხება. გამოთვლებმა აჩვენა ისიც, რომ ობიექტის გაუჩინარებისთვის საჭირო დრო მხოლოდ მის სიმკვრივეზეა დამოკიდებული.
მკვლევართა გასაკვირად, ნეიტრონული ვარსკვლავებისა და ვარსკვლავური შავი ხვრელების დაშლას ერთი და იგივე დრო სჭირდება: 1067 წელი. ეს მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან შავ ხვრელებს უფრო ძლიერი გრავიტაციული ველი აქვს, ეს კი უფრო სწრაფ გაქრობას უნდა იწვევდეს.
"მიუხედავად ამისა, შავ ხვრელებს ზედაპირი არა აქვს", — აცხადებს მაიკლ ვონდრაკი, ნაშრომის თანაავტორი — "ისინი თავიანთივე გამოსხივების ნაწილს ხელახლა შთანთქავს, ეს კი პროცესს აბრკოლებს".
რა დრო დასჭირდებოდა მთვარის ან ადამიანის გაქრობას?
ამას გარდა, მკვლევრებმა ისიც გამოთვალეს, რა დრო დასჭირდებოდა ჰოკინგის მსგავსი გამოსხივებით მთვარის ან ადამიანის გაქრობას. ეს დრო 1090 წელია. ცხადია, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ არსებობს სხვა პროცესებიც, რომლებმაც მთვარეც და ადამიანიც შეიძლება უფრო სწრაფად გააქროს.
უოლტერ ვან სუილეკომის, კვლევის თანაავტორის, აზრით, ნაშრომი რამდენიმე დისციპლინას აერთიანებს, ხოლო ასტროფიზიკის, კვანტური ფიზიკისა და მათემატიკის შერწყმას კი ახლებურ პერსპექტივებამდე მივყავართ.
"ასეთი შეკითხვების დასმითა და უკიდურესი შემთხვევების შესწავლით გვსურს თეორიას უკეთ ჩავწვდეთ, ერთ დღეს კი იქნებ ჰოკინგის რადიაციის საიდუმლოც ამოვხსნათ", — დასძენს ის.
ნაშრომი გამოცემაში Journal of Cosmology and Astroparticle Physics გამოქვეყნდა.
კომენტარები