გაიცანით თორინი, ერთ-ერთი უკანასკნელი ნეანდერტალელი, რომლის პოპულაციაც 50 000 წელი იზოლირებულად ცხოვრობდა
აღმოაჩინეს ნეანდერტალელების პოპულაცია, რომელიც 50 000 წლის განმავლობაში გამოქვაბულში იზოლირებულად ცხოვრობდა.
საფრანგეთში აღმოჩენილი ნეანდერტალელის ჩონჩხი აქამდე აღუწერელ შტოს ეკუთვნის, რომელიც სხვა ნეანდერტალელებისგან 100 000 წლის წინ გამოიყო. ჩვენ ვიცით, რომ ჰომო საპიენსები ერთმანეთისგან დაშორებულ ჯგუფებად ცხოვრობდნენ. როგორც ჩანს, ასე იყვნენ ნეანდერტალელებიც.
საუბარია საფრანგეთის რონის ველის გამოქვაბულებზე. მიიჩნეოდა, რომ აქ ჰომო საპიენსები სახლობდნენ, თუმცა ახალი კვლევის თანახმად, 45 000 წლის წინ ამ ადგილას ნეანდერტალელებსაც შეხვდებოდით.
ნეანდერტალელის სრული გენომის გაშიფვრის შემდეგ, მკვლევრებმა გააცნობიერეს, რომ ინდივიდი სხვა ნეანდერტალელებს არ ჰგავდა. მისი გენეტიკური შემადგენლობა უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული ადრეული ნეანდერტალელების გენომებთან, რომლებიც 100 000 წლის წინ ცხოვრობდნენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტული ნეანდერტალელი მიეკუთვნებოდა პოპულაციას, რომელიც სხვებისგან მინიმუმ 50 000 წლის განმავლობაში იზოლირებული იყო.
მისი მნიშვნელობის აღსანიშნავად, მკვლევრებმა იდუმალ ნეანდერტალელს "თორინი" უწოდეს, ჯ.რ.რ.ტოლკინის პერსონაჟის სასახელოდ.
"ჰობიტში თორინი ერთ-ერთი უკანასკნელი ჯუჯა მეფეა, რომელიც მთის ქვეშ ცხოვრობდა. ის უკანასკნელია მისი საგვარეულოდან. რაც შეეხება ნეანდერტალელ თორინს, ის ასევე თავისი გვარის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელია. ჩვენ ვიცით, რომ ნეანდერტალელები დაახლოებით იმ პერიოდში გადაშენდნენ, როდესაც თორინი ცხოვრობდა", — განუცხადა IFLScience-ს ლუდოვიკ სლიმაკმა, კვლევის ავტორმა და ტულუზის უნივერსიტეტის პალეოანთროპოლოგმა.
მკვლევრების თქმით, თორინი აქამდე უცნობ ნეანდერტალულ პოპულაციას მიეკუთვნებოდა.
თორინსა და სხვა გვიან ნეანდერტალელებს შორის უზარმაზარი უფსკრულის საილუსტრაციოდ, სლიმაკი ამბობს, რომ 50 000 წლიანი განსხვავება არის ის, რაც განასხვავებს მეზობლის პატარა ძაღლს მგლისგან. თუმცა, ხსენებული შემთხვევისგან განსხვავებით, ორი პოპულაცია შეიძლება დაჯგუფდეს როგორც ერთი და იგივე სახეობა.
"ეს განსხვავება შეიძლება ჰომო საპიენსისას შევადაროთ, რომელმაც სხვადასხვა კონტინენტებზე ცხოვრებისას იჩინა თავი", — განმარტა კვლევის წამყვანმა ავტორმა, მარტინ სოკორამ კოპენჰაგენის უნივერსიტეტიდან.
ასეთი განსხვავება უცნაურია, რადგან სხვა გვიანი ნეანდერტალელები შედარებით ახლოს ცხოვრობდნენ თორინთან. თუმცა, როგორც ჩანს, ჯგუფებს შორის კონტაქტი თითქმის არ იყო.
ამ განსხვავებით გაკვირვებულმა მკვლევრებმა თორინის გენომი კომპლექსურად გამოიკვლიეს. ანალიზმა დაადასტურა, რომ თორინი ცივი კლიმატის პირობებში ცხოვრობდა, რაც ნიშნავს, რომ ის ნამდვილად გვიანი ნეანდერტალელია. ეს კი კიდევ უფრო დიდ შეკითხვას აჩენდა იმაზე, თუ რატომ არ ირეოდა თორინი და მისი პოპულაცია სხვა ნეანდერტალელებთან.
"თორინის პოპულაციამ 50 000 წელი სხვა ნეანდერტალელებთან გენების გაცვლის გარეშე გაატარა. ეს მაშინ, როდესაც 10 დღის ფეხით სავალზე სხვა ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ", — აღნიშნულია კვლევაში.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თორინის პოპულაცია 50 000 წლის განმავლობაში გამოქვაბულებში ცხოვრობდა და მას უბრალოდ არ ტოვებდა.
ახალი კვლევა ჟურნალ Cell Genomics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები