შესაძლოა, მარსის გარშემო მის მესამე, უფრო დიდ, თანამგზავრსაც ეარსება
ამჟამად მარსის ორბიტაზე ორი ბუნებრივი თანამგზავრი გადაადგილდება, ესენია ფობოსი და დეიმოსი, რომლებიც საკმაოდ მცირე ზომის სხეულებია. ამის მიუხედავად, ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა, წითელი პლანეტის გეოლოგიური მახასიათებლების საფუძველზე, გამოთქვეს ვარაუდი, რომ ძველად მას გარს შედარებით მოზრდილი ობიექტიც უვლიდა — "ნერიო".
სანამ მასზე ვისაუბრებთ, ფობოსსა და დეიმოსს გაგაცნობთ. ისინი მზის სისტემის სხვა პლანეტების თანამგზავრების დიდი ნაწილისგან განსხვავებულია როგორც ზომით, ისე სიმკვრივითა და ძალიან კრატერიანი ზედაპირით. მათი ფორმირების შესახებ სხვადასხვა თეორია არსებობს. ერთის მიხედვით, აღნიშნული სხეულები მაშინ წარმოიქმნა, როცა მარსს დიდი ობიექტი შეეჯახა. მეორე იდეის თანახმად, ფობოსი და დეიმოსი D ტიპის ასტეროიდებია, რომლებიც თავდაპირველად ასტეროიდთა სარტყელს ან იუპიტერის ე.წ. ტროელ ასტეროიდებს მიეკუთვნებოდა. მესამე და ყველაზე ახალი ჰიპოთეზაა, რომ ფობოსი კომეტაა, რომელიც მარსის გრავიტაციამ "ჩაიჭირა", ანუ მიიზიდა და თავის ორბიტაზე დატოვა.
რაც შეეხება თავად მარსს, მის ზედაპირზე არის ისეთი ნიშნები, რომლებიც გარკვეულ ახსნას საჭიროებს. მაგალითისთვის, ის სამღერძიანია ასიმეტრიული სფეროიდია. ეს მის ეკვატორულ ელიფსურობაში გამოიხატება, რაც ტარსისის რეგიონისა და თითქმის დიამეტრულად მის მოპირდაპირე მხარეს არსებული ამოზნექილი სტრუქტურის დამსახურებაა.
მეცნიერები ამბობენ, რომ წითელი პლანეტის ეს მახასიათებელი შესაძლოა, სწორედ მესამე თანამგზავრს უკავშირდებოდეს, რომელიც მის სინქრონულ ორბიტაზე მოძრაობდა. იმ დროისთვის ჩვენი მეზობელი ციური სხეული უფრო პლასტიკური უნდა ყოფილიყო და ვინაიდან ერთი ნახევარსფერო მუდმივად ნერიოსკენ ჰქონდა შებრუნებული, ამან სამღერძიანი ელიფსოიდის მსგავსი ფორმის ჩამოყალიბება გამოიწვია. ყველაზე გრძელი ღერძი კი სწორედ ჰიპოთეზური თანამგზავრისკენ უნდა ყოფილიყო ამოზნექილი.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის შემდეგ ასეთი რეგიონები კონვექციური შემაღლებისკენ, ვულკანური და ტექტონიკური აქტიურობისკენ უფრო მიდრეკილი გახდა, რამაც ეკვატორული ელიფსურობა გაამძაფრა.
ავტორთა ვარაუდით, ნერიოს ზომა მარსის მესამედზე ნაკლები იყო. ფიქრობენ. რომ ის მზის სისტემის განვითარების ადრეულ ეტაპზე წარმოიქმნა ან პლანეტამ მოგვიანებით "ჩაიჭირა" მაშინ, როცა ჯერ ბოლომდე არ იყო გამყარებული. შესაძლოა, ეს ჰიპოთეზური თანამგზავრი შეჯახებას გაენადგურებინა (მაგრამ ამის კვალი მარსის ეკვატორის მიმდებარედ ან ჩანს) ან სხვა მასიურ სხეულს ორბიტიდან გაეძევებინა. ამ საკითხზე მეტის გასაგებად დამატებითი კვლევებია საჭირო.
მეცნიერთა არარეფერირებული ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და ის გამოცემაში Journal of Geophysical Research: Planets გამოსაქვეყნებლადაა წარდგენილი.
კომენტარები