მეცნიერებმა დედამიწის ბირთვში დონატის ფორმის უცნაური სტრუქტურა აღმოაჩინეს
ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირიდან ათასობით კილომეტრის სიღრმეში ძალიან უჩვეულო რამ დააფიქსირეს: დონატის (ტოროიდი) ფორმის სტრუქტურა პლანეტის თხევად ბირთვში.
ამ იდუმალ ტოროიდს შეუძლია გვითხრას, თუ როგორ მოქმედებს დედამიწის ბირთვში მბრუნავი სითხე მაგნიტურ ველზე. სწორედ ეს ველი გვიცავს მზის ექსტრემალური გამოსხივებისგან.
"ჩვენ არ ვიცით თუ რამდენად სქელია ის, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასობით კილომეტრს აღწევს ბირთვისა და მანტიის ქვემოთ", — თქვა კვლევის თანაავტორმა და გეოფიზიკოსმა, ჰრვოიე ტკალჩიჩმა.
როგორც ეს Science Advances-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია აღნიშნული, ამ აღმოჩენის გასაკეთებლად მეცნიერებმა მიწისძვრების რევერბერული დარტყმის ტალღები შეისწავლეს.
"ეს სტრუქტურა აქამდე უხილავი იყო, რადგან წინა კვლევებით გარე ბირთვზე ნაკლები ინფორმაცია გვქონდა. აქამდე მონაცემებს მიწისძვრიდან მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში ვიღებდით. ამჯერად, რევერბერალურ ტალღებს მიწისძვრიდან მრავალი საათის განმავლობაში ვსწავლობდით", — განმარტა ტკალჩიჩმა.
დედამიწის გარე ბირთვი, თხევადი ლითონის ზოლი, დაახლოებით 2253 კილომეტრია სისქეში. ის ძირითადად რკინისა და ნიკელისგან შედგება. მეცნიერები თვლიან, რომ სწორედ ამ შავი სითხის არასტაბილური ტრიალი წარმოქმნის პლანეტის მაგნიტურ ველს.
ახლად აღმოჩენილ დონატის ფორმის სტრუქტურას, ბევრი რამის თქმა შეუძლია. ამით თავად პლანეტის მაგნიტურ ველზე მეტის გაგება შეგვიძლია.
"დედამიწის გარე ბირთვთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს საიდუმლოებები, რომლებიც კვლავ არ არის ამოხსნილი. ამისთვის მულტიდისციპლინური ძალისხმევა გვჭირდება, რაც მოიცავს სეისმოლოგიას, ფიზიკას, გეომაგნეტიზმსა და გეოდინამიკას", — აღნიშნულია კვლევაში.
ერთი რაც ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ მაგნიტური ველი ის ფუნდამენტია, რომელზეც პლანეტის ზედაპირზე არსებული სიცოცხლეა დამოკიდებული.
კომენტარები