SpaceX-ის ისტორიული მისია Polaris Dawn გაეშვა!
Polaris Dawn კოსმოსშია!
10 სექტემბერს, თბილისის დროით 13:24 საათზე, ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან ისტორიული კერძო მისია Polaris Dawn გაეშვა!
აქამდე ფრენა სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის უამინდობისა და ჰელიუმის გაჟონვის გამო. ამის მიუხედავად, ბოლო მცდელობისთვის ხელი აღარაფერს შეუშლია და მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა Falcon 9-მ დედამიწის ორბიტაზე კაფსულის ტიპის კოსმოსური აპარატი Dragon Resilience აიტანა.
მისიის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ Dragon Resilience-ში სამოქალაქო ეკიპაჟი იმყოფება. მათი მეთაური მილიარდერი და ცნობილი მეწარმე, ჯარედ აიზეკმენია, ხოლო პილოტის მოვალეობას აშშ-ის საჰაერო ძალების ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, სკოტ პოტიტი, ასრულებს. ხომალდის ბორტზე იმყოფებიან სარა გილისი და ანა მენონიც, SpaceX-ის ინჟინრები.
ისინი კაფსულით 1 400 კილომეტრ სიმაღლეზე ავლენ, ანუ იმაზე სამჯერ მაღლა, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგური მოძრაობს. ეს ნიშნავს, რომ Polaris Dawn ადამიანებს ამ დისტანციაზე 1970-იან წლებში განხორციელებული Apollo-ს მისიების შემდეგ პირველად გაიყვანს.
ეკიპაჟი ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 5 დღეს გაატარებს და ვან ალენის რადიაციულ სარტყელში გაივლის, სადაც მზის ქარის შემადგენელი დამუხტული ნაწილაკების სიჭარბეა. მის შიდა, შედარებით უსაფრთხო, ზონაში ყოფნისას ეკიპაჟის წევრები 700 კილომეტრ სიმაღლეზე ღია კოსმოსში გასვლას შეეცდებიან, რაც კერძო მისიის ფარგლებში ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტი იქნება.
ამის გარდა, ხომალდი რადიაციაზე დასაკვირვებლად საჭირო ხელსაწყოთია აღჭურვილი, რომელიც რადიაციული სარტყლის მახასიათებლების შესახებ მნიშვნელოვან მონაცემებს მოიპოვებს. ასეთი მოწყობილობა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეცაა, მაგრამ Polaris Dawn უფრო მაღლა არსებულ გარემოს შეისწავლის, რაც შედარების საშუალებას მოგვცემს.
იქიდან გამომდინარე, რომ სამომავლოდ მისიები მარსისკენაც იგეგმება, ხომალდებს ამ სარტყელში გავლა არაერთხელ მოუწევთ. ახლა, Polaris Dawn-ის ფარგლებში, იქ არსებულ პირობებზე მეტის გაგების შესაძლებლობა გვეძლევა, რომელსაც ხელიდან არ გავუშვებთ.
კომენტარები