აღმოჩნდა, რომ კოღოებს ინფრაწითელი გამოსხივებით ვიზიდავთ
ალბათ, კოღოს ნაკბენი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვქონია, ზოგს კი — ძალიან ბევრი. იმის გარდა, რომ ეს შემაწუხებელი და არაკომფორტულია, კოღოს მრავალი საშიში ინფექციის გავრცელება შეუძლია, როგორიცაა მალარია, ზიკა ვირუსი, დენგეს ცხელება და სხვა. შესაბამისად, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს არსებები არ მოგვეკარონ, მაგრამ როგორღაც კანზე მაინც გვასხდებიან ხოლმე.
ასევე, იხილეთ: რატომ კბენენ კოღოები მაინცდამაინც ადამიანებს? — კვლევა
ცნობილია, რომ კოღოებს ადამიანებისთვის დამახასიათებელი სუნი და ამონასუნთქ ჰაერში არსებული ნახშირორჟანგი იზიდავთ. სანტა ბარბარაში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ აღნიშნული მწერები ჩვენს სხეულს ინფრაწითელი, ანუ სითბური, გამოსხივების მეშვეობითაც აგნებენ. ეს მათ Aedes aegypti-ს სახეობის შესწავლის შედეგად დაასკვნეს, რომელიც მსხვერპლს განსაკუთრებით მარტივად აფიქსირებს.
ვინაიდან ჩვენს სისხლს მხოლოდ მდედრი კოღოები ეტანებიან, მკვლევრებმა სპეციალურ "საკნებში" სწორედ მდედრი მწერები მოათავსეს, თითოში 80. მათ პოტენციური მსხვერპლის იმიტაციები წარუდგინეს, რომლებსაც კოღოებისთვის მიმზიდველი მახასიათებლები ჰქონდათ, მაგალითად სპეციფიკური სუნი და ნახშირორჟანგის კონკრეტული კონცენტრაცია.
"საკნებში" თერმოელექტრული ფირფიტა შეიტანეს, რომლის სითბოც ზოგან ადამიანის კანის საშუალო ტემპერატურას, 34°C-სს, უტოლდებოდა და ინფრაწითელი გამოსხივება ჰქონდა. ზოგან ის 29.5°C-ზე იყო დაყენებული და სითბურ რადიაციას არ გამოყოფდა.
სუნმა, ნახშირორჟანგმა და ინფრაწითელმა გამოსხივებამ ცალ-ცალკე კოღოების ყურადღება ვერ მიიქცია, მაგრამ მათი კომბინაცია მწერებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. დადგინდა, რომ ასეთ სითბურ რადიაციას ისინი თავზე არსებული ანტენებით აფიქსირებენ, რომლებშიც ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარე ცილა TRPA1 გვხვდება. მასზე პასუხისმგებელი გენის გაუვნებლების შედეგად მათში ეს მგრძნობელობაც გაქრა.
გამოდის, რომ ზაფხულში, როცა ჩვენი კანი მოშიშვლებულია, კოღოები ინფრაწითელი გამოსხივებით გვაგნებენ. მჭიდროდ მომდგარი ტანსაცმლის ჩაცმის შემთხვევაში ამგვარი სითბო მაინც შემჩნევადია, ამიტომ მწერებისგან დასამალად ყველაზე ეფექტიანი თავისუფალი ტანისამოსია. შესაძლოა, ახალი მიგნება კოღოებისგან თავდაცვის უკეთესი ხერხების მოფიქრებაშიც დაგვეხმაროს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები