ორიანა ფალაჩი: რკინის ჟურნალისტი დიქტატურის წინააღმდეგ
ორიანა ფალაჩის ჟურნალისტური საქმიანობა — გზა, რომელმაც ის რკინის ჟურნალისტად აქცია
ორიანა ფალაჩი იტალიელი ჟურნალისტი, მწერალი და აქტივისტი იყო, რომელიც ცნობილია როგორც თანამედროვე ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა. ორიანა ფალაჩს ჟურნალისტურ კარიერის განმავლობაში არაერთი ინტერვიუ ჰქონდა ცნობილ დიქტატორებთან, იგი ომის ჟურნალისტიც იყო და ამასთან ერთად, ურყევი პოზიციით იბრძოდა ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ, სწორედ ამ ყველაფრის შედეგად, შეუპოვარი გამბედაობისა და უკომპრომისო პრინციპების გამო, უწოდეს "რკინის ჟურნალისტი".
ეს ფრაგმენტი ორიანა ფალაჩის ინტერვიუდანაა, რომელიც 1979 წელს მუამარ კადაფთან ჩაწერა. ინტერვიუს შემდეგ, როდესაც ჰკითხეს კადაფის პიროვნებაზე, მან განაცხადა:
"ის სულელია, ავადმყოფურად სულელი, ნამდვილი იდიოტი… სანამ კადაფის შევხვდებოდი, მითხრეს, რომ ის იყო სიმპათიური მამაკაცი, მაგრამ როდესაც მას უყურებთ, ხედავთ, რომ სულელური სახე აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურება ის? მას ძალიან პატარა თვალები აქვს და უზარმაზარი ნიკაპი აქვს. მე ფიზიკურად შემძულდა კადაფი".
ფალაჩი 1930 წელს ანტი-ფაშისტურ ოჯახში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დროს, სულ რაღაც 13 წლის ასაკში, იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობის იატაკქვეშა გაერთიანების წევრი გახდა და 15 წლის ასაკში ამ საქმიანობისთვის მოკავშირეთა მიერ დაწესებული ჯილდოც გადაეცა.
თავად ფალაჩი თავს ყოველთვის მწერლად უფრო მიიჩნევდა (არის ოცამდე წიგნის ავტორი), ვიდრე ჟურნალისტად, მაგრამ აღიარებდა, რომ ჟურნალისტიკამ მისცა საშუალება, ცხოვრება ნამდვილ თავგადასავლად ექცია.
"პირველად, როდესაც საბეჭდ მანქანასთან დავჯექი, სიტყვებისადმი უსაზღვრო სიყვარული ვიგრძენი, ისინი წვიმის წვეთებივით სათითაოდ მოედინებოდნენ და თეთრ ქაღალდზე რჩებოდნენ."
მიუხედავად მწერლობისადმი მისი დიდი სიყვარულისა, ის იყო ჟურნალისტი, რომლისთვისაც მსოფლიოს არც ერთ უდიდეს ფიგურას არ შეეძლო ინტერვიუზე უარის თქმა, მის რესპოდენტთა შორის იყვნენ: ჰენრი კისინჯერი, ინდირა განდი, გოლდა მეირი, დენ სიაოპინი, აიათოლა ჰომეინი, ლეხ ვალენსა, მუამარ კადაფი...
დიქტატორებთან ფალაჩის დაპირისპირება მხოლოდ ინტერვიუებით არ შემოიფარგლებოდა, ის პირდაპირ და სხვადასხვა გზით გამოხატავდა ავტორიტარული რეჟიმებისა და მჩაგვრელი მთავრობებისადმი წინააღდმეგობას. ყოველთვის, როდესაც მოხსენებით გამოდიოდა, ის იყო სამართლიანი და ამ სიმართლეს დაუნდობლობად და უშიშრად აჟღერებდა, რაც ხშირ შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებდა.
ორიანა თავდაპირველად სამხედრო კორესპონდენტი იყო. 1960-იან და 1970-იან წლებში ფალაჩი აშუქებდა მნიშვნელოვან გლობალურ კონფლიქტებსა და პოლიტიკურ აჯანყებებს, რომელთა შორის იყო: ამბოხება და დაკავებების პროცესები უნგრეთში; ლიბანისა და ქუვეითის სამოქალაქო ომი; ლათინური ამერიკის რევოლუციები ბრაზილიაში, პერუში, ბოლივიაში, ასევე მექსიკაში, სადაც მას 1968 წელს მეხიკოში სტუდენტების დემონტრაციის დროს ესროლეს. ტყვია სამგან მოხვდა და მძიმედ დაიჭრა. ფალაჩი 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ვიეტნამშიც, სადაც მიღებულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო ნათლად დაანახა ავტორიტარული რეჟიმების სისასტიკე და გაუძლიერა ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილიც.
ორიანა ფალაჩი იყო ერთადერთი ჟურნალისტი, რომელმაც ისლამური რევოლუციის ლიდერთან, აითოლა ხომეინთან ინტერვიუ ჩაწერა. ფალაჩი ინტერვიუს განმავლობაში ხომეილს ქალთა უფლებებისა და ჩადრის ტარების შესახებ უსვამდა კითხვებს, რაზეც ხომეინმა უპასუხა:
"თუ შენ არ მოგწონს ისლამური ჩაცმულობა ვალდებული არ ხარ ატარო ის, მაგრამ ისლამური ჩასაცმელი სათანადო და კარგია ახალგაზრდა ქალებისთვის".
ამ პასუხის შემდეგ ორიანამ ჩადრის მოხსნა დაიწყო, რამაც ხომეინი განარისხა და ფალაჩს უბრძანა ოთახიდან გასულიყო და დალოდებოდა როდის მოისურვებდა ინტერვიუს განახლებას.
მიუხედავად ამისა, როგორც კი ინტერვიუს ჩაწერა გაგრძელდა, ფალაჩი კვლავ იმავე კითხვებს დაუბრუნდა, რასაც ასე იხსნებს:
"სახეზე ღიმილის მსგავსი დაემჩნა, ღიმილი კი ნამდვილ სიცილად გადაიქცა. დიახ, მან გაიცინა და როდესაც ინტერვიუ დამთავრდა აჰმედმა, მისმა შვილმა, მიჩურჩულა, დამიჯერე, არასოდეს მინახავს, რომ მამა იცინოდეს. ვფიქრობ, შენ ერთადერთი პიროვნება ხარ მთელს მსოფლიოში, ვინც ის გააცინა".
ორიანა ფალაჩის პირადი ცხოვრება — ურთიერთობა ალექსანდროს პანაღულისთან
პროფესიულ საქმიანობასთან ერთად არც ფალაჩის პირადი ცხოვრება ყოფილა უინტერესო, იგი შეყვარებული იყო საბერძნეთის წინააღმდეგობის ლიდერზე, ალექსანდროს პანაღულისზე, რომელთანაც 1973 წელს ფალაჩმა ინტერვიუ ჩაწერა. პანაღულისი ბერძენი დიქტატორის, გეორგიოს პაპადოპულოსის წინააღმდეგ იბრძოდა და ამ ბრძოლას შეეწირა კიდეც, 1976 წელს პანაღულისი ავიაკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა, იგი მისმა პოლიტიკურმა მეტოქეებმა მოკლეს, რაზეც თითქმის ყველა იტალიური თუ ბერძნული ჟურნალ-გაზეთი წერდა.
"ალეკოს საფლავზე არასდროს მივსულვარ, მის საფლავზე არასდროს დამიტოვებია ერთი პატარა ყვავილიც კი, მაგრამ მისი გარდაცვლების ყოველ წლისთავზე ვუგზავნიდი 37 ვარდს. დიახ, ის 37 წლის იყო, როდესაც მოკლეს. არასდროს მინახავს მისი საფლავი და არც მინდა ვნახო" — ამბობდა ორიანა ფალაჩი.
ფოტო 1: Getty Images / ფოტო 2: Getty Images
ორიანა ფალაჩს თავგადასვლებით სავსე ცხოვრება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში გახვეულა, არასდროს უთქვამს უარი საკუთარ პრინციპებზე, იგი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა სამართლიანობისთვის და იბრძოდა დიქტატურის წინააღმდეგ. ფალაჩი სიცოცხლის ბოლო წლებში მძიმე დაავადებას ებრძოდა, იგი 2006 წლის 15 სექტემბერს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფოტო: Getty Images
აქვე, უნდა აღვნიშნოთ 2022 წელს გამომცემლობა დიოგენემ ორიანა ფალაჩის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტი გამოსცა — წერილი ვერდაბადებულ ბავშვს, რომელიც ქართულად ნათია აბრამიშვილმა თარგმნა.
კომენტარები