როდის იქნება პასუხი? — რუსული კანონის განხილვის სამი დღე და იურისტების შეფასებები
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის სამდღიანი განხილვა 31 აგვისტოს დასრულდა. საზოგადოება მოსამართლეების გადაწყვეტილების მოლოდინშია. ცხრა მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს, განიხილავენ თუ არა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" შესახებ მიღებულ სარჩელს და შეაჩერებენ თუ არა კანონს, სასამართლოში განხილვის დასრულებამდე.
29-31 აგვისტოს, რუსული კანონის განხილვისას, განხილვამდე და მის შემდეგაც, კანონის მომხრეებისა და მხარდამჭერების მხრიდან ბევრი პოლიტიკური განცხადება გაკეთდა. ოპოზიციონერი დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მოუწოდებდნენ, არ მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე გააუარესებდა. მმართველი პარტიის ლიდერები კი საქართველოს პრეზიდენტის, 122 მოსარჩელის, პარლამენტის წევრების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ დროის კარგვად აფასებდნენ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვას ოპოზიციის "ბინძური კამპანიის" გაგრძელება უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დროის ფუჭი ნაყვაა.
რუსული კანონის განხილვას, მმართველი პარტიის თავმჯდომარე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ აქვს.
NEWS.On.ge იურისტების დახმარებით შეეცადა გაერკვია, როდის უნდა ველოდოთ მოსამართლეების გადაწყვეტილებას და რას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სარჩელის განხილვის დისკრედიტაცია მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან.
ჩვენთან საუბარში იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან მსგავსი განცხადებები საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას ემსახურება.
"ამ განცხადებების მთავარი მიზანი ისაა, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმი დაითესოს. პრინციპში საზოგადოებაში, მმართველი გუნდის დამსახურებით ნიჰილიზმს დიდი ხანია ფესვები აქვს გადგმული“, — განაცხადა ალაფიშვილმა.
საიას საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელ გიორგი გოცირიძის თქმით, ამ ტიპის განცხადებები, შესაძლოა, პირდაპირ საკონსტიტუციო სასამართლოზე ზემოქმედების მცდელობად ჩაითვალოს.
"ეს პოლიტიკური განცხადებები საკუთარი ამომრჩევლებისთვის გაკეთებული განცხადებებია. შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოზე ზემოქმედება. ასეთი ტიპის განცხადებებს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ დასაბუთებასთან და ეს არ არის რაიმე ტიპის სამართლებრივი არგუმენტი, რომ ამაზე სერიოზული კომენტარი გაკეთდეს იურისტების მხრიდან," — აღნიშნა გოცირიძემ.
რაც შეეხება ვადებს, როდის გამოაცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას, იურისტი ლევან ალაფიშვილი NEWS.On.ge-სთან განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით გათვალისწინებული ვადები იმის შესახებ, როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება, არ არსებობს. ალაფიშვილის ვარაუდით, გადაწყვეტილების გამოცხადება შვიდ სამუშაო დღეს არ გადასცდება.
"სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს, კანონით განსაზღვრული დრო არ აქვს რა ვადებში უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ შვიდ სამუშაო დღეს გადააცილოს. უფრო ადრეც არის შესაძლებელი.
საკონსტიტუციო სასამართლოს დახურულ სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ასე ხდება: მომხსენებელი მოსამართლე წერს პროექტს, შემდგომ ამ პროექტს დახურულ სხდომაზე განიხილავენ. იქ მიდის ოპონირება. ამის შემდეგ მიმდინარეობს კენჭისყრა და, შესაბამისად, ამ კენჭისყრის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება ფორმალურად უნდა დაიწეროს და ისე გამოცხადდეს", — ამბობს კონსტიტუციონალისტი.
რაც შეეხება მოლოდინებს, ლევან ალაფიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ განსაკუთრებული მოლოდინები არ აქვს, თუმცა მაინც უშვებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო "პოლიტიკურ გავლენაზე მაღლა დადგება და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე დააბრუნებს".
"რაც შეეხება მოლოდინებს, გულწრფელად რომ გითხრათ, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს შემცირებული პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მოლოდინები შესაძლოა მართლაც არ ჰქონდეს პოლიტიკოსთა ნაწილს მათი გადაწყვეტილების მიმართ. თუმცა, მცირე ალბათობა მაინც არსებობს იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობა პერსონალური, ადამიანური, პატრიოტული და პროფესიული გამბედაობა ეყოფა და საკუთარ თავზე, საკუთარ სამშობლოზე, ოჯახზე და შვილებზე იზრუნოს, დადგეს ყოველგვარ პოლიტიკურ გავლენაზე მაღლა და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ევროპულ გზაზე", — განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
კომენტარები