გაჟონილი ინფორმაციით, შესაძლოა, სარეკლამო სააგენტოები მობილურებს უსმენდნენ
Facebook-ის, Google-ისა და Amazon-ის პარტნიორმა კომპანიამ აღიარა, რომ მომხმარებელთა საუბრებს უსმენს.
Facebook-ის პარტნიორმა კომპანიამ თავის კლიენტებს პრეზენტაცია ჩაუტარა, რომელშიც ახსნა, როგორ იყენებს სმარტფონის მიკროფონებს მომხმარებლების მოსასმენად, შემდეგ კი მათ შესაბამის რეკლამებს აწვდის. საუბარია Cox Media Group-ზე (CMG), მოწინავე სატელევიზიო და რადიოკომპანიაზე.
გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, CMG ამტკიცებს, რომ თავიანთი "აქტიური მოსმენის" პროგრამა ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რათა საუბრიდან მონაცემები რეალურ დროში მიიღოს. დოკუმენტები 404 Media-მ მოიპოვა.
"სარეკლამო აგენტებს შეუძლიათ, ეს ხმის მონაცემები ქცევის მონაცემებთან ერთად გამოიყენონ და იმ კლიენტებამდე მივიდნენ, რომლებიც რაიმეს შესაძენად მზად არიან", — აღნიშნულია პრეზენტაციაში.
იმავე პრეზენტაციაში CMG-მ გამოაცხადა, რომ მათი კლიენტები Facebook, Google და Amazon-იც არიან, თუმცა არ დაუზუსტებია, სარგებლობენ თუ არა ისინი "აქტიური მოსმენის" სერვისით. მას შემდეგ, რაც Google-ს 404 Media დაუკავშირდა, კომპანიამ CMG თავისი "პარტნიორების პროგრამიდან" ამოშალა.
ამის გამო Meta-მ, Facebook-ის მშობელმა კომპანიამ, განაცხადა, რომ CMG მათი ზოგადი პარტნიორი იყო და არა იმ პროგრამისა, რომელიც პრეზენტაციაში ვიხილეთ.
"Meta არ იყენებს თქვენი მობილურის მიკროფონს რეკლამებისთვის და ამას წლებია, საჯაროდ ვამბობთ", — წერია კომპანიის განცხადებაში — "CMG-სთან უნდა დავაზუსტოთ, რომ მათი პროგრამა Meta-ს მონაცემებს არ იყენებს".
კომპანია Amazon-მა აღნიშნა, რომ მათ "CMG-სთან ერთად ამ პროგრამაზე არასოდეს უმუშავია და არც აპირებს ამის გაკეთებას".
მართლა გვისმენენ?
წლის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, რაც 404 Media-მ CMG-ს საეჭვო ქმედებები გამოააშკარავა. დეკემბერში კომპანიას ბრალი ედებოდა, რომ პოდკასტის ფარგლებში შემაშფოთებელ ტექნოლოგიას არეკლამებდა; ამ დროს გამოავლინეს CMG-ს "აქტიური მოსმენის" ფუნქციაც.
მსგავსი შემთხვევები კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს იმაზე, რომ სარეკლამო აგენტები, შესაძლოა, მობილურში ჩვენს საუბრებს უსმენდნენ.
"ვიცით, რასაც ფიქრობთ. ეს საერთოდ ლეგალურია?", — 2023 წელს თქვა კომპანიამ Cox-ის ბლოგპოსტში, რომელიც უკვე წაშლილია — "დიახ, ლეგალურია, რომ მობილურებმა და მოწყობილობებმა მოგისმინონ. როცა ახალ აპლიკაციას იწერთ ან აახლებთ, მოხმარების პირობებში სადღაც ისიც წერია, რომ მომსახურებაში ხშირად "აქტიური მოსმენა" შედის".
მიუხედავად თამამი განცხადებებისა, CMG-ს ჯერ არ აუხსნია, როგორ აგროვებს ხმის მონაცემებს. კომპანია მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ "შესაძენად მზადმყოფ" მომხმარებლებს ამოიცნობს და რეკლამების სიებს მათი ინტერესების მიხედვით ქმნის. CMG დღეში $100-ს იღებს, რათა 10 მილის (16 კმ.) რადიუსში ამოიღოს ხალხი მიზანში. 20 მილის შემთხვევაში ფასი ორმაგია.
CMG-ს Futurism-ის შეკითხვებზე არ უპასუხია. თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიამ თავის ვებსაიტზე ეს სერვისი ღიად გაარეკლამა (რეკლამა კვლავაც წაშლილია), ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ახლა მოსმენების უარყოფას შეძლებს — მათმა რეკლამამ უკვე საკმაოდ დიდი ყურადღება მიიქცია.
კომენტარები