დნმ-ისგან კომპიუტერი შექმნეს, რომელსაც ჭადრაკის თამაში შეუძლია
ჩვენს დნმ-ში ძალიან დიდი ინფორმაციაა შენახული და ეს ყველაფერი მიკროსკოპულ დონეზე ხდება. ეს ინფორმაცია წიგნში რომ გადმოვიტანოთ, მილიონობით ფურცელი დაგვჭირდება. დიდი მონაცემების სამყაროში დნმ შეიძლება ინფორმაციისა და მონაცემების კომპაქტურ სივრცეში შენახვის საშუალებად იქცეს.
ჩვენი დნმ ერთგვარი "გენეტიკური ენაა" და მისი შესწავლით სრულიად ახალი შესაძლებლობები ჩნდება — მათ შორის, ციფრული ინფორმაციის დნმ-ში შენახვის.
და, აი, ახლა მეცნიერებმა კომპიუტერი დნმ-ისგან შექმნეს, რომელსაც ჭადრაკთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრა შეუძლია. მოწყობილობას საბაზისო დონის ამოცანების მოახსნა შეუძლია, მაგრამ ეს დნმ-ზე დაფუძნებული გამოთვლითი ტექნოლოგიებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესია.
მკვლევრების თქმით, ეს შესაძლებელი გახდა სინთეზური ცელულოზის მასალის გამოყენებით, რომელმაც დნმ-ის ძაფებზე დადებითად იმოქმედა. სწორედ ამით მოხდა ფაილების უკეთ გაშიფვრა. დნმ-ის ამ ძაფებს კუბურ სანტიმეტრზე დაახლოებით 1000 ტერაბაიტის შენახვა შეუძლია.
"დნმ-ის ამ სინთეზურ მოწყობილობებთან შერწყმამ ისეთი შესაძლებლობები გააჩინა, რომელიც აქამდე არ გვქონდა", — თქვა კვლევის თანაავტორმა, ალბერტ კიუნგმა.
როგორც მკვლევრები განმარტავენ, კომპიუტერულ სისტემებს უნდა შეეძლოს მონაცემების შენახვა, წაკითხვა, ჩაწერა და წაშლა. აქამდე დნმ-ის სისტემებს ამ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება არ შეეძლო.
დნმ-ზე დაფუძნებულ სისტემას ინფორმაციის შენახვა 6000 წლის განმავლობაში შეუძლია, თუმცა არის პრობლემა, როდესაც ასეთ ინფორმაციას გამოთვლებისთვის იყენებ, ფაილები ნადგურდება.
New Scientist-ის თანახმად, აქედან გამოსავალი ფერმენტის დნმ-ის რნმ-ში გადაწერა იყო. ეს მონაცემების მეორე ასლს ქმნის, რაც ორიგინალის ხელუხლებლად დატოვების საშუალებას იძლევა.
შედეგად, მკვლევრებმა შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ჭადრაკს საბაზისო დონეზე თამაშობს.
კვლევა ჟურნალ Nature Nanotechnology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები