ინვესტირება დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხის დაბანდების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად მიიჩნევა. შესაბამისად, საინვესტიციო სამყაროც დღითიდღე იზრდება. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ინტერესდება ამ სფეროთი და საჭირო ცოდნის მიღებას ცდილობს.

მიუხედავად ინტერესისა, ბევრი ფიქრობს, რომ ეს მათთვის მხოლოდ შორეული პერსპექტივაა. არადა, ინვესტირება არასდროს ყოფილა ისეთი მარტივი, როგორიც დღეს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ერთმანეთს თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.

ჩვენ Pulsar Al-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, დაჩი ჭოლაძეს ვესაუბრეთ. Pulsar Al 2016 წელს დაარსდა და საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. დაჩიმ გვიამბო, რას ნიშნავს მისთვის აქციებში ინვესტირება, როგორია მისი საინვესტიციო სტრატეგია, რა რჩევები აქვს სხვებისთვის და ა.შ.

როდის და რატომ დაიწყეთ ინვესტირება?

აქციებში ინვესტირებით, დაახლოებით, 25 წლის ასაკში დავინტერესდი. მცირე ინვესტიციებს ვაკეთებდი მაშინ. უფრო აქტიურად კი ბოლო რამდენიმე წელია ვარ ჩართული. არ ვარ ამ მიმართულების პროფესიონალი ინვესტორი. თუმცა, აქციებში ინვესტიციები, როგორც კაპიტალის გრძელვადიანი დაბანდების ერთ-ერთი შესაძლებლობა, ჩემთვის საინტერესოა.

ეკონომიკაში სულ უფრო და უფრო მეტ წილს იკავებს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კომპანიები და მათი განვითარების არეალი ძალიან ფართოა. შესაბამისად, ძირითადად, ამ სფეროს წარმომადგენელი კომპანიების აქციებით ვარ დაინტერესებული.

იქედან გამომდინარე, რომ მეც კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში ვმოღვაწეობ, ამ სფეროს განვითარების პროცესსაც ახლოდან ვადევნებ თვალს. შესაბამისად, კომპანიების აქციებში ინვესტირების დროსაც უფრო ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს ვიღებ. მჯერა, რომ ეს სფერო განაგრძობს ზრდას და სწორედ ამ ზრდაზეა მიბმული ჩემი ძირითადი ინვესტიციების ამონაგებიც.

როგორია თქვენი საინვესტიციო სტრატეგია?

ზოგადი სტრატეგია რომ გითხრათ, ვყოფ მაღალ, საშუალო და დაბალრისკიან ინვესტიციებს.

მაქვს საკმაოდ მაღალრისკიანი ინვესტიციები, როგორიც არის მაგალითად, ადრეული ეტაპის ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიცია.

შედარებით დაბალრისკიანია კომპანიების აქციებში ინვესტიცია. ამ შემთხვევაშიც, როგორც აღვნიშნე, ვცდილობ ისეთ სფეროში მომუშავე კომპანიაში ინვესტირებას, რომელიც ჩემს საქმიანობასთან ახლოსაა.

ასევე, მაქვს უფრო დაბალრისკიანი ინვესტიციები, მაგალითად, უძრავ ქონებაში.

აქციებში ინვესტირებისას ვცდილობ შევინარჩუნო ბალანსი ინდექსებსა და ცალკეული კომპანიების აქციებს შორის. ინდექსებში ინვესტირებისას შედარებით დაბალია რისკი, თუმცა, ასევე, დაბალია ამონაგებიც

გარდა ამისა, როდესაც აქციებში ინვესტირება დავიწყე, ვიცოდი, რომ ის გრძელვადიან გათვლაზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული და არ უნდა მქონოდა გათვლა ფასების ყოველდღიურ ცვლილებებზე. რადგან ეს ჩემი ძირითადი საქმიანობა არ არის, ჩემ შემთხვევაში, აქციების ფასის ხშირი რყევების მიხედვით მათი ყოველდღიურად ყიდვა და გაყიდვა ვერ იქნება ინფორმირებული და რაიმე გათვლაზე დაყრდნობილი. ჩემი მიზანია, გრძელვადიან პერიოდში გამოვიცნო სად შეიძლება წავიდეს ესა თუ ის სფერო ან ამ სფეროს რომელიმე კომპანია. ეს არის ჩემი სტრატეგიაც. აქციებში ინვესტირება ჩემთვის უფრო კაპიტალის გრძელვადიანი დაბანდების საშუალებაა.

რა პრინციპით არჩევთ კომპანიებს, რომელთა აქციების ყიდვაც გინდათ?

ძირითადად, ინვესტიციას ვახორციელებ ისეთ მაღალტექნოლოგიების შემქმნელ კომპანიებში, რომლებიც რაღაც გარდატეხას ახდენს ეკონომიკაში. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, მიკროჩიპების მიმართულებით და სხვა.

კომპანიის აქციებში ინვესტიციისას მნიშვნელოვანია მათი გაცხადებული სტრატეგია და მათი შედეგების ანალიზის საშუალებით იმის დადგენა, თუ რამდენად მიყვებიან და აღწევენ დასახულ სტრატეგიულ მიზნებს. ვფიქრობ, შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია ეს ანალიზი.

რას ურჩევდით მათ, ვისაც ინვესტირების დაწყება უნდა?

ალბათ, პირველ რიგში უნდა გადაწყვიტონ, რა ტიპის ინვესტირება უნდათ — აქციებში და ინდექსებში გრძელვადიანი ინვესტიციების გაკეთება თუ აქციებით ხშირი და აქტიური ვაჭრობა. ეს ორი აქტივობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ამის მიხედვით, შემდეგ უფრო მეტი სწორი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გაერკვე, რომელია შენი ინტერესის სფერო. ამის შემდეგ, უფრო გამარტივდება საინვესტიციო პლატფორმის თუ შესაძლებლობების შერჩევა და სტრატეგიის დასახვაც.

თუ აქციებით ვაჭრობა გაინტერესებს და გსურს, იპოვო თანამოაზრეები, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.