რატომ "ებრძვიან" კატები დაკეტილ კარს
შეიძლება შეგინიშნავთ, კატებს დაკეტილი კარები აღიზიანებთ. ისინი ხშირად საკუთარ თათებსაც კი საფრთხის ქვეშ აგდებენ, ოღონდაც კარების დაკეტვა არ დაუშვან. ზოგჯერ, ამითაც არ კმაყოფილდებიან და დაკეტილ კარებს ფხოჭნიან. და მაინც, რატომ სძულთ კატებს ასე დაკეტილი კარები?
ექსპერტების თქმით, ამის ორი მიზეზი არსებობს — პირველი ეს ევოლუციაა, ხოლო მეორე თავად კატის პატრონში უნდა ვეძებოთ.
"ნაწილობრივ, ამის მიზეზი იმაშია, რომ კატა ცნობისმოყვარე არსებაა. შესაბამისად, მათ აინტერესებთ ის, თუ რა ხდება დაკეტილი კარის მიღმა. კატამ არ იცის რა არის მეორე მხარეს და ამის გაგება სურს", — ამბობს ექიმი კარენ სუედამი, რომელიც ცხოველების ფსიქოლოგიას სწავლობს.
კატები ბუნებით ცნობისმოყვარე არსებები არიან და სურთ აკონტროლონ ყველაფერი, რაც მათ ტერიტორიაზე ხდება. ეს ის უნარია, რაც ოდესღაც კატებს ველურ ბუნებაში თავის გატანაში ეხმარებოდა.
"კატამ თავისი ტერიტორია უნდა აკონტროლოს, ეს მას ნადირობაში ეხმარება და ასევე, იცავს საფრთხისგან. ეს განსაკუთრებითი ისეთი სახეობებისთვისაა დამახასიათებლები, რომლებიც ნადირობენ, მაგრამ ამავდროულად თავად შეიძლება გახდნენ მტაცებლის მსხვერპლი", — განუცხადა Live Science-ს კატების ქცევის ექსპერტმა, ინგრიდ ჯონსონმა.
ინგრიდის თქმით, დაკეტილი კარები კატის სამ ფუნდამენტთან მოდის წინააღმდეგობაში. კატებს სჭირდებათ ჰქონდეთ არჩევანი, აკონტროლონ გარემო და სძულთ ცვლილებები. შესაბამისად, კატას შეიძლება არ სურდეს დაკეტილ ოთახში შესვლა, მაგრამ მას სურს იცოდეს, თუ რა ხდება იქ.
ამასთან, კატებს თავისი პატრონის ყურადღებაც სჭირდებათ. 2017 წლის კვლევამ აჩვენა, რომ კატები უპირატესობას ადამიანთან ინტერაქციას ანიჭებენ, ვიდრე სათამაშოების გამოყენებას. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მისი პატრონი დაკეტილი კარების მეორე მხარესაა, კატა ნერვიულობას იწყებს. მას არ ესმის, რომ დაკეტილი კარები დროებითია და იწყებს ფიქრს — "იქნებ ეს სამუდამოდაა, ანუ, მას ვეღარასდროს ვნახავ".
"წარმოიდგინეთ, მოულოდნელად დაკარგოთ წვდომა იმ სივრცეზე, რომელიც თქვენს საკუთრებად მიგაჩნიათ. ზუსტად ასეთ რამეს გრძნობს კატა, როდესაც მას კარს უკეტავენ", — თქვა ინგრიდმა.
კატის შფოთვის თავიდან ასაცილებლად ექსპერტები გვირჩევენ უფრო თანმიმდევრულები ვიყოთ. მაგალითად, თუ კონკრეტულად რომელიმე ოთახში კატას შესვლას ხშირად უკრძალავთ, მისთვისვე ჯობია ეს კარი სულ დაკეტილი იყოს. ასე კატა გაიაზრებს, რომ მისი ადგილი იქ არ არის და დაკეტილ კართან ბრძოლასაც შეწყვეტს.
კომენტარები