აღმოაჩინეს პლანეტის ზომის 6 ობიექტი, რომლებიც ვარსკვლავის გარეშე არსებობს
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით ასტრონომებმა ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონში პლანეტის ზომის 6 "მოხეტიალე" ობიექტი აღმოაჩინეს. თითოეული მათგანი სივრცეში ეულად, მშობელი ვარსკვლავის გარეშე, გადაადგილდება. მეცნიერები ამბობენ, რომ მათი მახასიათებლების შესწავლა იმის უკეთ გარკვევაში დაგვეხმარება, თუ რა განასხვავებს მნათობისა და ციური სხეულის ფორმირების პროცესებს.
ვარსკვლავი მაშინ იბადება, როცა მტვრისა და აირის ღრუბელში მკვრივი მასების ერთობლიობა კოლაფსს განიცდის, შემდეგ კი გარშემო უფრო და უფრო მეტ მატერიას იზიდავს. საბოლოოდ, ცენტრალურ გახურებულ არეალში წყალბადის ბირთვული რეაქციები იწყება და კაშკაშა პლაზმის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მეორე მხრივ, პლანეტები ასეთი მნათობების ირგვლივ არსებულ დისკოში შემორჩენილ მატერიაში წარმოიქმნება, სადაც მასები ერთმანეთს უერთდება იქამდე, სანამ ციური სხეული ჩამოყალიბდება.
ამის მიუხედავად, ფორმირების პროცესში სად გადის ზღვარი, ჯერ კიდევ გაურკვეველია. მეტის გასაგებად მეცნიერებმა ვები პერსევსის თანავარსკვლავედის რეგიონ NGC 1333-ისკენ მიმართეს, სადაც ახალდაბადებული მნათობებია განლაგებული. მათ განსაკუთრებულად მკრთალი ობიექტების ძიება დაიწყეს, რითაც იმის დადგენა სურდათ, თუ რამდენად პატარა მასურ ერთობლიობას შეუძლია, ვარსკვლავის მსგავსად გაჩნდეს. შედეგად დაასკვნეს, რომ ეს მიჯნა გიგანტი ეგზოპლანეტების მასას ემთხვევა.
ჩვენს გალაქტიკაში მილიარდობით "მოხეტიალე" ციური სხეულია, რომლებიც ისე წარმოიქმნა, როგორც პლანეტა, მაგრამ გრავიტაციულმა ქაოსმა ისინი თავიანთი სისტემებიდან გამოაგდო. ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი "ეული" ობიექტი პირიქით, ვარსკვლავის მსგავსად ჩამოყალიბდა. ამის მაგალითი ყავისფერი ჯუჯებია, რომელთაც მცირე მასა დააკლდა იმისთვის, რომ მნათობად ქცეულიყო. მათი მასა იუპიტერისას დაახლოებით 13-85-ჯერ აღემატება, პლანეტის შემთხვევაში კი ზედა ზღვარი 10 იუპიტერის მასაა.
რაც შეეხება ვების მიერ დაფიქსირებულ ობიექტებს, მათი მასა იუპიტერისას 5-10-ჯერ აჭარბებს და თითოეულის გარშემო მატერიის დისკოა. ეს ამტკიცებს მოსაზრებას, რომ ისინი სწორედ გრავიტაციული კოლაფსის შედეგად გაჩნდა. NGC 1333-ში ვებმა მათზე პატარა ციური სხეულები ვერ აღმოაჩინა, რაც მიუთითებს, რომ ზემოხსენებული მასური ზღვრის ქვემოთ პლანეტები არა კოლაფსის გზით, არამედ მატერიის მიზიდვით წარმოიქმნება.
"ეს პატარა ობიექტები, რომელთა მასაც გიგანტური პლანეტებისას ჰგავს, შესაძლოა, საკუთარ პლანეტებს წარმოქმნიდეს და მინიატიურულ პლანეტურ სისტემას ქმნიდეს, რომელიც მზის სისტემაზე ბევრად მცირე ზომისაა", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნდება.
კომენტარები