დედამიწაზე ყველა სახეობის ბოლო საერთო წინაპარი 4.2 მილიარდი წლის წინ არსებობდა — კვლევა
ბოლო უნივერსალური საერთო წინაპარი (LUCA) ანცესტრალური უჯრედია, რომლიდანაც დედამიწის სიცოცხლის ყველა ფორმა მომდინარეობს. ახალი კვლევის მიხედვით, ის ჩვენი პლანეტის ფორმირებიდან რამდენიმე ასეულ მილიონ წელში არსებობდა, კერძოდ კი 4.2 მილიარდი წლის წინ და არა 3.9 მილიარდი წლის წინ, როგორც აქამდე მიიჩნეოდა.
"საინტერესო ისაა, რომ 4.2 მილიარდი წლის წინაც კი მას დანამდვილებით ჰქონდა ადრეული იმუნური სისტემა, რომლის მეშვეობითაც ვირუსებს ებრძოდა", — აცხადებენ სპეციალისტები.
დედამიწაზე არსებულ უჯრედულ სიცოცხლეს რამდენიმე მთავარი მახასიათებელი აქვს: ყველა მათგანი ერთნაირ ცილოვან საშენ მასალას ეყრდნობა, უჯრედებს ერთნაირი ენერგიით ამარაგებს და ინფორმაციას დნმ-ში ინახავს. ასეთი მსგავსება დამთხვევა არ უნდა იყოს, არამედ მიანიშნებს, რომ ყველა სახეობას ერთი წარმომავლობა აქვს — LUCA.
მის შესახებ მეტის გასაგებად მეცნიერებმა სიცოცხლის უძველესი ფორმების, ბაქტერიებისა და არქეების, 700 ცოცხალი სახეობის გენები გააანალიზეს. მათ დაითვალეს მუტაციები, რომლებიც 57 საერთო გენში დროთა განმავლობაში დაფიქსირდა, რათა გენომის ამ ცვლილებების ტემპით გაეგოთ, რამდენი ხნის წინ არსებობდა უნივერსალური წინაპარი.
ავტორებმა უძველესი სიცოცხლის კვალის შემცველი ნამარხებიც გაითვალისწინეს, მაგალითად 3.48 მილიარდი წლის წინანდელი მიკრობული კოლონიები ავსტრალიიდან. ამით დედამიწის მაშინდელი ატმოსფერული პირობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და ივარაუდეს, როდის შეძლებდა LUCA გადარჩენას. დაასკვნეს, რომ ეს 4.2 მილიარდი წლის წინ მოხდებოდა, როცა დედამიწაზე ძალიან ცხელი ოკეანეები იყო და ჟანგბადი ძალიან მცირე ოდენობით მოიპოვებოდა.
უჯრედული ფუნქციის მიხედვით გენების კატეგორიზებამ აჩვენა, რომ ბოლო უნივერსალური წინაპარი ოკეანეში ბინადრობდა, ცხელ ჰიდროთერმულ არხში ან წყაროში. ასევე, ექსტრემალურ ტემპერატურას უძლებდა, უჟანგბადოდ გადარჩენას ახერხებდა და ეკოსისტემის სხვა წარმომადგენლების ნარჩენ ნივთიერებებს იყენებდა. მათ არსებობაზე LUCA-ს მეტაბოლური გზების რეკონსტრუქცია და ვირუსებისგან თავდასაცავი გენები მიანიშნებს.
ავტორები ამბობენ, რომ ამ საკითხის გამოკვლევით შესაძლოა, არამიწიერ სიცოცხლეზეც უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნას, რადგან სულაც არაა გამორიცხული, ის ექსტრემალური პირობების მქონე პლანეტებზე გვხვდებოდეს.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Ecology & Evolution გამოქვეყნდა.
კომენტარები