ამ გამჭვირვალე არსებას გაახალგაზრდავება შეუძლია — გაიცანით Mnemiopsis leidyi
ახალი კვლევის თანახმად, სავარცხლურების ტიპში შემავალი Mnemiopsis leidyi-ს სახეობის სქესობრივად მომწიფებულ წარმომადგენლებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, ლარვულ ფორმას დაუბრუნდნენ. ამის შესახებ ნაშრომი, რომელსაც ჯერ რეფერირება არ გაუვლია, BioRxiv-ზეა ხელმისაწვდომი.
ეს მაშინ ხდება, როცა მათ გარშემო საკვების ნაკლებობაა ან დასახიჩრებულები არიან. სახეცვლილ ინდივიდს ორი საცეცი აქვს, რომლებითაც საჭმელს იჭერს, ზრდასრულებს კი სხეულის ასეთი ნაწილები არ გააჩნიათ. ეს სქესობრივად მომწიფებულ ცხოველებში მსგავსი გაახალგაზრდავების მესამე ცნობილი მაგალითია, დანარჩენი ორი მედუზა Turritopsis dohrnii და ექინოკოკი Echinococcus granulosus-ია.
მეცნიერების თქმით, სავარცხლურებში ამგვარი ფენომენის აღმოჩენა მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, ის იმაზე მეტადაა გავრცელებული, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. რაც შეეხება Mnemiopsis leidyi-ს, ის, ძირითადად, დასავლეთ ატლანტის ოკეანეში გვხვდება, მაგრამ ევროპასა და აზიაშიც გავრცელდა, სადაც ინვაზიურ სახეობად იქცა. ფიქრობენ, რომ ამ ტერიტორიამდე მათ საკვების გარეშე დიდი ხანი გაძლების უნარის წყალობით მიაღწიეს.
შედეგად, დღესდღეობით Mnemiopsis leidyi უკვე შავ და კასპიის ზღვებშიცაა. ასევე, ხმელთაშუაზღვისპირეთში, ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში, სადაც ენდემურ თევზებს საკვებში ეცილებიან და ამ მხრივ პრობლემებს ქმნიან.
იმის გასაგებად, თუ როგორია წყლის ამ ბინადრების გადარჩენის ტაქტიკები, სპეციალისტებმა ექსპერიმენტები ჩაატარეს. მათ Mnemiopsis leidyi-ს ერთი ჯგუფი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკვების გარეშე ამყოფეს, მეორეს კი სხეულიდან ქსოვილები მოაშორეს, ანუ დაასახიჩრეს (მათ რეგენერაციის უნარი აქვთ). შედეგად, ორივე მათგანში შემავალი ინდივიდების ზომა საგრძნობლად შემცირდა, მაგრამ ისინი არ დახოცილან.
როდესაც მეცნიერებმა ისინი გამოკვებეს, აღმოაჩინეს, რომ 65-დან 13 სავარცხლურას საცეცები ჰქონდა, ანუ ლარვულ ფორმაში იყო დაბრუნებული. ამ საცეცებით ისინი ისეთ საკვებს იჭერდნენ, რომელსაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერ მოიხელთებდნენ, ანუ ახალ ეკოლოგიურ ნიშაში გადაინაცვლეს. საკმარისი საზრდოს მიღების შემდეგ მათი ზომა ისევ გაიზარდა და სხეულის პირვანდელი სტრუქტურაც აღდგა. საინტერესოა, რომ აღდგა მათი რეპროდუქციული ფუნქციებიც.
ზოოლოგი იოშინორი ჰასეგავა, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ამბობს, რომ Mnemiopsis leidyi-ს სახეცვლილება არასრულყოფილ გაახალგაზრდავებას ჰგავს, მაგრამ ზუსტი ბიოლოგიური მექანიზმები ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები