დინოზავრების კატასტროფის კვალს თანამედროვე ფრინველების გენებში მიაგნეს
66 მილიონი წლის წინ ჩამოვარდნილმა ასტეროიდმა სამუდამოდ შეცვალა სიცოცხლის ციკლი დედამიწაზე.
შეჯახების შედეგად წარმოქმნილმა ჯაჭვურმა რეაქციამ პლანეტაზე მცხოვრებ გიგანტურ არსებებს ბოლო მოუღო. შესაბამისად, გადაშენდნენ არამფრინავი დინოზავრები, მაგრამ ამან სხვა სიცოცხლის ფორმებს გაუხსნა გზა.
ასტეროიდის ჩამოვარდნიდან მალე თანამედროვე ფრინველების წინაპრები გამოჩნდნენ. და, აი, ახლა მეცნიერებმა ამ კატასტროფის კვალი თანამედროვე ფრინველების გენომში აღმოაჩინეს. საუბარია მასობრივი გადაშენებით გამოწვეულ დრამატულ ცვლილებებზე, რამაც ფრინველებს დივერსიფიცირების საშუალება მისცა.
"დღევანდელი ფრინველების დნმ-ის შესწავლით, შეგვიძლია იმ გენეტიკური მახასიათებლების დაფიქსირება, რომლებიც ასტეროიდის ჩამოვარდნის შემდეგ დაიწყო. ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომ გადარჩენილთა გენომებში მისი კვალი ახლაც შეინიშნება", — ამბობს ჯეიკ ბერვი, ორნითოლოგი მიჩიგანის უნივერსიტეტიდან.
ჩვენთვის ცნობილია, რომ უზარმაზარი ასტეროიდი თანამედროვე მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულთან დაეცა. შედეგად ცხოველური სიცოცხლის ფორმების 76% განადგურდა.
ამის შემდეგ, ახალი სიცოცხლის ფორმები განვითარდა. დრამატულად შეიცვალნენ მფრინავი დინოზავრები, გადაიქცნენ რა 10 000-ზე მეტ ფრინველის სახეობად, რომლებსაც დღესაც ვხედავთ.
შესაბამისად, რადგან ცხოველი ევოლუციურად იცვლება, ცვლილებები ხდება დნმ-ის გენომის შემადგენლობაშიც. დნმ-ის ფუნდამენტური საშენი მასალა (ნუკლეოტიდები) ოთხი განსხვავებული ფუძისგან შედგება (A, C, G და T). გენომში ამ ნუკლეოტიდების პროპორციების ცვლილება სახეობის განვითარების ცვლილებასაც იწვევს.
ბერვმა და მისმა კოლეგებმა ფრინველების ყველა ძირითადი ჯგუფების გენომებს შორის სხვაობები შეისწავლეს. სწორედ ამის შედეგად გამოვლინდა გენომის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებები.
მკვლევრებმა ძირითადი ყურადღება მიმართეს ასტეროიდის დაცემის შემდეგ 5-მილიონ წლიან პერიოდზე. შედეგად დადგინდა, რომ დაახლოებით 3-5 მილიონ წელიწადში, გადაშენების პროცესმა ფრინველებში მნიშვნელოვანი ცვლილებები წარმოქმნა. ეს ცვლილებები აისახა ფრინველების ზომაზე, მათ მეტაბოლიზმსა და გამოჩეკის უნარზე.
მაგალითად, ფრინველები ბევრად უფრო პატარები გახდნენ, ვიდრე მფრინავი დინოზავრები იყვნენ. ცვლილებები აისახა პატარა ასაკზეც, ჩიტები ახლა ბევრად უფრო სუსტები და დაუცველები იბადებიან. შესაბამისად, საჭიროებენ მშობლების ინტენსიურ მზრუნველობას.
აქამდე, დნმ-ში ასეთი ცვლილებები მასობრივი გადაშენების კონტექსტში შესწავლილი არ იყო. და მაინც, ეს კვლევა უთითებს იმაზე, რომ არის სიღრმეები, რომლებშიც ჯერ კიდევ არ ჩავსულვართ.
"ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ იცვლებიან არსებები და რამდენად კომპლექსურია სიცოცხლე დედამიწაზე", — აღნიშნულია კვლევაში.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები