ზღვის ტემპერატურის მატება შავ ზღვაში მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. ამით შავი ზღვის ეკოსისტემა ხმელთაშუა ზღვის ეკოსისტემას ემსგავსება.

ეს ცვლილება საფრთხეს უქმნის შავი ზღვის სიცოცხლეს და შეიძლება ჰქონდეს მძიმე ეკონომიკური შედეგები მეთევზეობაზე. უცხო სახეობების გავრცელება ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში ადგილობრივი ეკოსისტემის ბალანსსაც არღვევს, რაც გავლენას ახდენს როგორც ბიომრავალფეროვნებაზე, ისე თევზაობაზე დამოკიდებულთა საარსებო წყაროზე.

ზღვის ტემპერატურის მატების ეფექტი

სტამბულის საზღვაო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ონურ გონულალი აცხადებს, რომ ზღვის ტემპერატურის ზრდა შავ ზღვაში ხმელთაშუა ზღვის სახეობების რაოდენობას სულ უფრო და უფრო ზრდის.

"შედეგად ეს არსებებს შორის კონკურენციას ზრდის და ჩნდება ეკოსისტემის დესტაბილიზაცია. ეს ცუდად აისახება ეკონომიკაზე, კერძოდ მეთევზეობაზე, განსაკუთრებით ისეთ სახეობებზე, როგორიცაა ანჩოუსი და კეფალი", — თქვა გონულალიმ.

ზღვის ზედაპირის ტემპერატურის გლობალური მატება წელს ძალიან შესამჩნევია. მაგალითად, მარტმა რეკორდი დაამყარა, საშუალოდ 21,07 გრადუსი ცელსიუსით.

მიგრაცია შავ ზღვაში

სტამბულის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯემ დალიანი განმარტავს, რომ პროცესი შავი ზღვის უნიკალური მახასიათებლების დაკარგვას იწვევს. მისი თქმით, ასეთი ცვლილება ბაზარზე ანჩოუსების დეფიციტს გამოიწვევს, რაც ცუდად აისახება როგორც ეკონომიკაზე, ისე ეკოლოგიაზე.

"ახალი სახეობების გამოჩენა ეკოსისტემაში კვების ჯაჭვს ცვლის. ისეთ რეგიონში, როგორიც შავი ზღვაა, რომელსაც აქვს დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული საზღვაო ეკოსისტემა, ეს მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს”, — თქვა დალიანმა.

ორივე ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა უცხო სახეობების კოორდინირებული მართვა და ადგილობრივი მარაგების დაცვა. მათი თქმით, საჭიროა დაბინძურების შემცირება, სამრეწველო თევზაობის რეგულირება და საზღვაო ტერიტორიების შექმნა ამ ცვლილებების შესარბილებლად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.