შესაძლოა, მთვარე გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ბიოსაცავად ვაქციოთ — კვლევა
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერები საინტერესო კონცეფციას განიხილავენ: მათ დაადგინეს, რომ შეგვიძლია, მთვარის ბუნებრივად ცივი გარემო გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ბიოლოგიური მასალის გაყინულ მდგომარეობაში შესანახად გამოვიყენოთ.
დედამიწაზე მილიონობით სახეობა არსებობს, რომელთაგანაც 1 მილიონზე მეტი გადაშენების საფრთხის ქვეშაა. სავარაუდოდ, კიდევ ბევრი ისეთი ცხოველია, რომლებიც შესაძლოა, გადაშენდნენ, სანამ მათ იდენტიფიცირებას მოვახერხებთ. მეცნიერები ამბობენ, რომ ეკოსისტემების დესტაბილიზაციის მზარდი პროცესის მთავარი მიზეზი ბუნებაზე ადამიანის უარყოფითი გავლენაა.
ეს ბიოსაცავის შექმნის საჭიროებას ცხადყოფს, რათა ამ გასაოცარი არსებების ფიბრობლასტური უჯრედები შევინახოთ. ამისთვის დაბალი ტემპერატურაა აუცილებელი, რომ მსგავსი ბიოლოგიური მატერია გაიყინოს, რასაც კრიოკონსერვაცია ეწოდება. მთვარეზე სწორედ სათანადო ადგილებია, რომელთა მიმდებარედაც ძალიან ცივა, რადგან იქ მზის სხივების ნაკლებობაა.
ასევე, იხილეთ: ტესტი: გამოიცანი გადაშენებული ცხოველი სურათით
დედამიწაზე კრიოკონსერვაცია შესაძლებელია, მაგრამ ე.წ. პასიური საცავის შექმნა სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან აქ ბუნებრივად საკმარისაც ცივი და ხელსაყრელი პირობები არაა. შესაბამისად, ეს დიდ თანხებს უკავშირდება და ტექნოლოგიაზე დამოკიდებულს გვხდის.
სამაგიეროდ, მთვარის პოლარულ რეგიონებში მუდმივად ჩრდილიანი ადგილებია, რომლებშიც მზის სხივები ვერ აღწევს. ასეთია, მაგალითად, კრატერების ფსკერი, სადაც ტემპერატურა -196°C-ზე ნაკლებია. სპეციალისტების კონცეფცია პასიური ბიოსაცავების სწორედ ამგვარ არეალებში განთავსებას მოიაზრებს.
რა თქმა უნდა, იქ ცხოველთა ბიოლოგიური ნიმუშების ტრანსპორტირებაც სერიოზულ გამოწვევებს უკავშირდება. მაგალითად, ისინი კოსმოსური მგზავრობისთვის ჯერ უსაფრთხოდ უნდა შეიფუთოს, შემდეგ კი მთვარის რადიაციული პირობებისგანაც უნდა იყოს დაცული. საჭიროა პროექტში საერთაშორისო ჩართულობაცა და დაფინანსებაც.
ავტორები ამ სიძნელეებს აღიარებენ და ამბობენ, რომ მსგავსი პროექტის განხორციელებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ პროტოკოლზე უკვე მუშაობენ. მათი ნაშრომი გამოცემაში BioScience გამოქვეყნდა.
კომენტარები