გაიცანით გრენლანდიური ზვიგენი, რომელიც 500 წელი ცოცხლობს
გრენლანდიური ზვიგენი კატრანისებრთა სახეობის, პოლარული ზვიგენების ოჯახის წარმომადგენელია. მისი სიგრძე 7 მეტრამდეა, ხოლო წონა 1 ტონაა.
გრენლანდიური ზვიგენები ასობით წელი ცოცხლობენ. ეს ნამდვილად იშვიათი ფენომენია და მეცნიერებს ყოველთვის აინტერესებდათ, თუ როგორ ცხოვრობდა ეს არსება ამდენი ხნის განმავლობაში.
და, აი, ახლა მეცნიერებმა ამის საიდუმლო აღმოაჩინეს — უცვლელი მეტაბოლიზმი. ახალი აღმოჩენა წინა ვერსიებთან წინააღმდეგობაში მოდის.
გრენლანდიური ზვიგენები (Somniosus microcephalus) 250 წელი თავისუფლად ცოცხლობენ, მაგრამ შეუძლიათ 500 წელიც იცოცხლონ. ამით ისინი ხერხემლიანებში ყველაზე დიდხანს მცხოვრები ორგანიზმები არიან. ეს ზვიგენები ოკეანეში 2 647 მეტრის სიღრმეში გვხდებიან.
მეცნიერებისთვის ასეთი ხანგრძლივი სიცოცხლის ზუსტი მიზეზების დადგენა რთული იყო. მკვლევრები აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ზვიგენების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაკავშირებულია მათ ძალიან ცივ გარემოსთან — ეს არსებები მინუს 1,8 გრადუს ცელსიუსზე თავს კომფორტულად გრძნობენ.
თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, ზვიგენების სიცოცხლის ხანგრძლივობა შეიძლება დაკავშირებული იყოს მათ მეტაბოლურ აქტივობასთან, რომელიც დროთა განმავლობაში არ იცვლება, როგორც ეს ხდება სხვა ცხოველების შემთხვევაში.
"ეს ძალიან საინტერესოა, ზვიგენებს არ აღენიშნებათ დაბერების კლასიკური ნიშნები", — განუცხადა Live Science-ს კვლევის წამყვანმა ავტორმა, ევან კამპლისონმა.
მეტაბოლიზმი ქიმიური პროცესია, რომლის დროსაც ფერმენტები საკვებ ნივთიერებებს ენერგიად გარდაქმნის. ცხოველების უმეტესობაში მეტაბოლიზმის სიჩქარე დროთა განმავლობაში მცირდება. ეს იწვევს ენერგიის გამომუშავების შემცირებას, რთულდება უჯრედების აღდგენა, რაც საბოლოოდ ორგანიზმს აზიანებს.
ახალ კვლევაში ზვიგენების მეტაბოლიზმის გასაზომად, მკვლევრებმა ქსოვილის ნიმუშები 23 გრენლანდიური ზვიგენის კუნთიდან აიღეს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ზვიგენებში ასაკის მიუხედავად მეტაბოლიზმი განსხვავებულად არ მუშაობდა.
"ეს გასაოცარია, ყველა სხვა ცხოველში ასაკთან ერთად მეტაბოლიზმიც იცვლება, თუმცა ამ ზვიგენების შემთხვევაში ეს ასე არ აღმოაჩნდა", — თქვეს მკვლევრებმა.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ზვიგენების სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო სწორედ მათ მეტაბოლიზმშია.
კვლევა ჟურნალ Society of Experimental Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები