ნახეთ: ახალი სიმულაცია გვიჩვენებს, რა ხდება თერმობირთვული რეაქტორის შიგნით
თერმობირთვული სინთეზის რეაქტორები სუფთა ენერგიის მოპოვების საშუალებას იძლევა, ამიტომ მათი განვითარება მნიშვნელოვანია. ასეთ დანადგარებს მეორენაირად "ხელოვნურ მზეებსაც" უწოდებენ, რადგან მათში მიმდინარე პროცესები სწორედ ჩვენი ვარსკვლავისას ჰგავს.
ასევე, იხილეთ: რა არის თერმობირთვული სინთეზი — ყველაფერი სუფთა და უსაზღვრო ენერგიაზე
სპეციალისტებმა მსგავსი რეაქტორების შესახებ არსებული მონაცემების მეშვეობით გასაოცარი სამგანზომილებიანი სიმულაცია შექმნეს, რომელიც გვიჩვენებს, რა ხდება მოწყობილობის შიგნით. კერძოდ, საშუალება გვეძლევა "შევიხედოთ" ტოკამაკში, რომელშიც 100 მილიონ გრადუს ცელსიუსზე მეტ ტემპერატურაზე პლაზმა ფორმირდება.
ესაა ლოზანის ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის ცვალებადი კონფიგურაციის ტოკამაკი (TCV), რომლის ციფრული რეპრეზენტაციაც ექსპერიმენტული სამუზეუმო მეცნიერების ლაბორატორიაში მომუშავე გუნდმა შემოგვთავაზა. სიმულაციაში წითლად ელექტრონებია წარმოდგენილი, პროტონები მწვანეა, ლურჯი შეფერილობა კი მაგნიტურ ველს აქვს. ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებს.
"რეაქტორის შიდა ნაწილის ულტრამაღალი სიზუსტის სკანირებული გამოსახულებების მისაღებად რობოტი გამოვიყენეთ. შემდეგ მათი მეშვეობით სამგანზომილებიანი მოდელი შევქმენთ, რომელიც მის კომპონენტებს ტექსტურის დონეზე იმეორებს.
ისიც კი შევძელით, რომ აღგვებეჭდა ცვეთა და რღვევა რეაქტორის კედლების გრაფიტის ფილებზე, რომლებიც TCV-ის ტესტირებისას ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება", — აცხადებს კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტი, სემი მენენი.
ახალი სიმულაცია მეცნიერებს რეაქტორის დიზაინის გაუმჯობესების გზების მოძებნაში დაეხმარება, რათა მოწყობილობა მეტად ეფექტიანი გახადონ. მასში ნაჩვენებია ათასობით ნაწილაკის მოძრაობა, რომლის სიჩქარეც სწრაფად იცვლება. ვიზუალიზაციის შესაქმნელად 5 კომპიუტერი და 10 გრაფიკული პროცესორი გამოიყენეს. საბოლოოდ, მიიღეს შედეგი, რომელიც თუნდაც 5 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რადგან სათანადო ტექნოლოგია არ მოგვეპოვებოდა.
"ეს ვიზუალიზაცია მხოლოდ ლამაზი როდია. ის ზუსტი, თანმიმდევრული და რეალისტურიცაა", — ამბობს შვეიცარიის პლაზმის შემსწავლელი ცენტრის დირექტორი, პაოლო რიჩი.
კომენტარები