ნახეთ: დინოზავრის ერთადერთი ჩონჩხი, რომელიც მომწვანოა — რამ განაპირობა მისი ფერი
ლოს-ანჯელესში მდებარე საბუნებისმეტყველო მუზეუმში ახალი პალეონტოლოგიური ნიმუში გამოიფინა, რომლის მსგავსიც აქამდე არაა აღმოჩენილი. ესაა დინოზავრის ჩონჩხი, რომელსაც მომწვანო შეფერილობა აქვს, რაც მას უნიკალურ ექსპონატად აქცევს.
პრეისტორიული ცხოველის უჩვეულო ძვლები იუტას ე.წ. ცუდი მიწების მიმდებარედ ჯერ კიდევ 2007 წელს აღმოაჩინეს. ეს არსება გვიან იურულ პერიოდში ცხოვრობდა, დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ, ანუ ყველასთვის კარგად ცნობილ ტირანოზავრზე ბევრად ადრე.
მართალია, დღემდე დინოზავრების მრავალი ჩონჩხია მიკვლეული, მაგრამ მომწვანო შეფერილობა მხოლოდ ამ ნიმუშს აქვს. მეცნიერთა თქმით, ეს მწვანე მინერალ სელადონიტს უკავშირდება, რომელმაც ძვლებში ვულკანური აქტიურობისას შეაღწია. ეს 50-80 მილიონი წლის წინ უნდა მომხდარიყო.
სელადონიტის წარმოსაქმნელად კონკრეტული გარემოა საჭირო, რომელიც იმდენად ექსტრემალურია, რომ ძვლების განადგურებაც კი შეუძლია. ამის მიუხედავად, ზემოხსენებული დინოზავრის ჩონჩხი მსგავს პირობებს გადაურჩა და ჩვენამდე მოაღწია. როცა ის ამოთხარეს, პალეონტოლოგებს სახეზე ქინქლის ტიპის (Gnat) უამრავი მწერი შეაფრინდა, ამიტომ დინოზავრს "Gnatalie" უწოდეს.
"დინოზავრები მშვენიერი საშუალებაა, რომ დამთვალიერებლებს მეცნიერების ბუნება გავაცნოთ. სამეცნიერო აღმოჩენებითა და დედამიწის საოცრებებით დასაინტერესებლად იმაზე უკეთესი რა იქნებოდა, ვიდრე თითქმის 24-მეტრიანი სიგრძის მქონე დინოზავრის მწვანე ჩონჩხი!", — აცხადებს პალეონტოლოგი ლუის ჩიაპე.
Gnatalie მხოლოდ მომწვანო შეფერილობით არაა გამორჩეული, არამედ ის ახალ სახეობას მიეკუთვნება, რომელიც ზავროპოდების, ანუ უზარმაზარი ბალახისმჭამელი დინოზავრების, მსგავსია.
"ის ძალიან დიდია, ამიტომ დაგვეხმარება უკეთ გავერკვეთ როგორც ტაქსონომიურ, ისე ანატომიურ მრავალფეროვნებაში", — ამბობს ზავროპოდების მკვლევარი, ჯონ უიტლოკი.
როგორც ცნობილია, ახალი აღმოჩენის შესახებ მეცნიერები ნაშრომს მომავალ წელს გამოაქვეყნებენ.
კომენტარები