ნახეთ: ნიუ-იორკის თავზე დღისით მეტეორი შემოიჭრა
16 ივლისს დედამიწის ატმოსფეროში მეტეორი შემოიჭრა. ის თავდაპირველად ნიუ-იორკის ცაზე მაშინ გამოჩნდა, როცა ჯერ კიდევ დღე იყო. შემდეგ ელვარე სხეულმა მოძრაობა დასავლეთისკენ განაგრძო და ნიუ-ჯერსის მიმართულებით 61 000 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავადNASA Meteor Watch-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
ამერიკულმა მეტეორულმა საზოგადოებამ მომხდარის შესახებ მრავალი შეტყობინება მიიღო, მათ შორის ნიუ-იორკიდან, ნიუ-ჯერსიდან, კონექტიკუტიდან, დელავერიდან, მერილენდიდან, როდ-აილენდიდან და პენსილვანიიდან. მოსახლეობამ ამ მოვლენის აღბეჭდვაც შეძლო.
კადრები დღის სინათლეზეა გადაღებული, ამიტომ ცის სიკაშკაშის ფონზე მეტეორი ისე არ ელვარებს, როგორც ღამის სიბნელეში. ამის მიუხედავად, ის მაინც შეძლებისდაგვარად მკაფიოდ ჩანს:
მეტეორი დედამიწის ატმოსფეროში მაღალი სიჩქარით შემოჭრილ მეტეოროიდს ეწოდება, რომელიც ჩვენი პლანეტის აირად გარსთან ურთიერთქმედებისას იწვის და ანათებს. განსაკუთრებით კაშკაშა ასეთ სხეულს "ცეცხლოვან ბურთად" მოიხსენიებენ, ხოლო როცა ეს ობიექტი ფეთქდება და ამის გამო ძალიან ელვარებს, საქმე უკვე ბოლიდთან გვაქვს.
დედამიწის ატმოსფეროში მსგავსი კოსმოსური სხეულები გამუდმებით შემოდის. კერძოდ ნავარაუდებია, რომ ყოველდღიურად მათი წონა 48.5 ტონას აღწევს, მაგრამ უმეტესობა იქვე ნადგურდება, განსაკუთრებით თუ ზომით 25 მეტრზე ნაკლებია. შესაბამისად, ამგვარი მოვლენების საფრთხეს არ გვიქმნის.
რაც შეეხება უკანასკნელ შემთხვევას, ამ ობიექტის დიამეტრი 0.3 მეტრი უნდა ყოფილიყო, ამიტომ მისი ფრაგმენტები ხმელეთამდე ვერ მოაღწევდა. ის ატმოსფეროში წვის გამო მთლიანად განადგურდა, რასაც, თვითმხილველთა თქმით, ხმაური და ვიბრაციები ახლდა თან. NASA Meteor Watch-ის ინფორმაციით, იმავე პერიოდში ამ არეალში სამხედრო აქტივობებიც მიმდინარეობდა, ამიტომ შესაძლებელია, ხმაური და შეზანზარება ამით ყოფილიყო განპირობებული.
კომენტარები