დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა უპრეცედენტოდ იმატებს — აი, რატომ
დედამიწაზე კლიმატის ცვლილება მიმდინარეობს, რისი შედეგებიც სულ უფრო მეტად თვალსაჩინო ხდება. მაგალითად, გახშირებულია გვალვები, ტყის ხანძრები, სითბური ტალღები და სხვა. გლობალური დათბობა მხოლოდ ამინდზე არ ახდენს გავლენას, არამედ ის იმაზე ბევრად მნიშვნელოვან პროცესებზე აისახება, ვიდრე წარმოგვიდგენია.
მაგალითად, ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ცხადყვეს, რომ პოლარული ყინულოვანი საფარის ლღობა ჩვენი პლანეტის ბრუნვის შენელებას იწვევს, ამის გამო კი დღე-ღამის ხანგრძლივობა იმატებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ზრდის მსგავსი ტენდენცია "უპრეცედენტოა".
საქმე ისაა, რომ ანტარქტიდასა და გრენლანდიაში ყინულის დნობის შედეგად გამოყოფილი წყლის დინება ეკვატორის მიმდებარედ მეტი მასის დაგროვებას იწვევს. შეგვიძლია, ეს მოციგურავეების მიერ შესრულებულ ილეთს შევადაროთ, როცა ხელები ჯერ ტანთან ახლოს აქვთ, შემდეგ კი შლიან. ამ დროს მათი ბრუნვის სიჩქარე ნელდება, რადგან მასები ბრუნვის ღერძს შორდება, ეს კი ფიზიკურ ინერციას ზრდის.
დედამიწაზე ამ პროცესის ასახსნელად საჭიროა ვიცოდეთ, რომ ის იდეალურად მრგვალი არაა, არამედ ეკვატორის გასწვრივ უფრო ამობურცულია. ამასთან, მისი ფორმა წყლის მიქცევ-მოქცევის, ტექტონიკური პროცესებისა თუ ვულკანური აქტიურობისას მუდმივად იცვლება.
სპეციალისტებმა კვლევისთვის ძალიან გრძელი ბაზის ინტერფერომეტრიის მეთოდს მიმართეს, რომელიც დედამიწის სხვადასხვა წერტილამდე კოსმოსიდან გაშვებული რადიოსიგნალების მიღწევის დროის გაზომვას გულისხმობს. ამ ხერხით დღე-ღამის ხანგრძლივობის გამოთვლაა შესაძლებელი. მათ GPS-იც გამოიყენეს, რომელიც ბრუნვის სიჩქარის მაღალი სიზუსტით დადგენის საშუალებას იძლევა, 1 მილიწამის 1/100-დის დონეზე.
ჩვენი პლანეტის შენელებული ბრუნვა ნიშნავს, რომ დღე-ღამის ხანგრძლივობა სტანდარტულ 86 400 წამს რამდენიმე მილიწამით აჭარბებს. ამჟამად ბრუნვის შენელებაზე ყველაზე მეტად მაინც მთვარე ზემოქმედებს, რადგან ოკეანეებზე მისი გავლენით თითო საუკუნეში დედამიწის ბრუნვა 2.40 მილიწამით ნელდება. ამის მიუხედავად, ავტორებმა დაადგინეს, რომ თუ კაცობრიობა ატმოსფეროში დიდი ოდენობით სათბურის აირების გაფრქვევას განაგრძობს, მიმდინარე საუკუნის ბოლოსთვის კლიმატის ცვლილების ეფექტი მთვარისას გადააჭარბებს.
კვლევის მიხედვით, 1900 წლიდან დღემდე შეცვლილი კლიმატის გამო დღე-ღამის ხანგრძლივობა დაახლოებით 0.8 მილიწამით გაიზარდა. დიდძალი ემისიების შემთხვევაში 2100 წლისთვის იმავე მიზეზით გამოწვეული სხვაობა უკვე 2.2 მილიწამი იქნება. შესაძლოა, ეს მნიშვნელოვნად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ ამას კოსმოსურ ხომალდებთან კომუნიკაციასა და ნავიგაციაზე დიდი გავლენა ექნება, რადგან პლანეტის ზუსტი ორიენტაციის ცოდნა გადამწყვეტია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები