როგორ არ გავხდეთ თაღლითობის მსხვერპლი და რა ვქნათ, თუ საეჭვო ბმული გავხსენით — სპეციალისტის რჩევები
ბოლო დროს თაღლითობის შემთხვევები გახშირდა, რა დროსაც ადამიანები უცხო ნომრებიდან შეტყობინებებს იღებენ. ზოგიერთ შეტყობინებაში ამანათსა და მისამართის უზუსტობაზეა საუბარი; მათ დართული აქვს ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც ადამიანებს პირადი ინფორმაციის შეყვანას სთხოვენ, მათ შორის, პირადი ნომრისა და საბანკო ბარათის მონაცემების. ზოგჯერ ხალხს ვითომდა ინვესტიციის განხორციელებისკენ მოუწოდებენ ანდა დასაქმებას სთავაზობენ.
ეს შეტყობინებები ორი თაღლითური სქემის ნაწილია, რომელთა შესახებაც უფრო დეტალურად ამ სტატიაში გაეცნობით: ინტერნეტში ორი ახალი თაღლითური სქემა ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
თაღლითობის საპასუხოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ საეჭვო ბმულების გახსნისგან და პერსონალური მონაცემების გაზიარებისგან.
განცხადების თანახმად, ორგანიზაციისათვის წარდგენილ მიმართვებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნები იკვეთება. შესაბამისად, "ისინი გადაგზავნილ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემდგომი რეაგირებისთვის".
თაღლითურ სქემას კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძეც გამოეხმაურა ფეისბუკპოსტით. ანდროს თქმით, "გზავნილზე აპელირება მაცდურია, მაგრამ კერძო ნომერი, ტექსტის გაუმართაობა და ბმულის "არარესპექტაბელური" სახე პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ეს არაა ოფიციალური გზავნილი".
ანდროს რჩევაა, რომ:
- არ გადახვიდეთ ბმულზე — ასეთ დროს, შესაძლოა, სხვის ხელში აღმოჩნდეს მთელი თქვენი ტელეფონი ან კომპიუტერი. საუბარია პარალელურად ყველა პროგრამის (მათ შორის მობილ-ბანკის) პაროლებსა და ფაილებზე, სურათებზე, "ვოისებსა" და ვიდეომიკროფონებზე.
- არ შეავსოთ რეალური მისამართის ველები — ვირტუალურ საფრთხესთან ერთად, შესაძლოა, ამან ფიზიკური ანგარიშსწორების ან რაიმე თაღლითური გარიგების საფრთხეც შეგიქმნათ.
თუ რაიმე მიზეზის გამო ბმულზე გადახვედით, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი შემდეგი ზომების მიღებას გირჩევთ:
- გამოცვალეთ პაროლები;
- მიუთითეთ აქტიური სესიის დასრულება ყველა გაჯეტში;
- გაააქტიურეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (სასურველია, არა იმ გაჯეტიდან, რომელშიც შეასრულეთ თაღლითის თხოვნა);
- აცნობეთ ბანკს, რომ გახდით თაღლითობის მსხვერპლი;
- გააგებინეთ მეგობრებს, რომ, შესაძლოა, თქვენი Messenger-იდან თანხის ან ინფორმაციის მოთხოვნის შეტყობინება მიიღონ.
მართალია, კიბერთაღლითობა ახალი სულაც არაა, თუმცა საფრთხის თავიდან არიდება ზოგჯერ მაინც რთულია — მით უმეტეს, რომ ამანათებს ბევრი ადამიანი ელის და ისინი ნამდვილად ხშირად იკარგება. აღნიშნული რჩევებისა და კიბერჰიგიენის დაცვით მსგავსი სქემების მსხვერპლი ნაკლებად გახდებით.
თუ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ და ციფრულ სამყაროში თავის უკეთ დაცვა გსურთ, აქ ჩვენს სხვა სტატიებსაც გაეცნობით.
კომენტარები