შესაძლებელია თუ არა, რომ მუმიამ ადამიანი დააინფიციროს?
ცნობილია, რომ ძველეგვიპტელებისთვის, სხვა ხალხების მსგავსად, ტუბერკულოზი, კეთრი და ჩუტყვავილა უცხო არ იყო. მაგალითად, ეს უკანასკნელი დაავადება ფარაონ V-ს ჰქონდა, რაზეც მის მუმიაზე არსებული ნაიარევები მიანიშნებს. მაშ, რამდენადაა შესაძლებელი, რომ ათასობით წლის შემდეგ ასეთი ნეშტებიდან პათოგენები გადმოგვედოს?
კემბრიჯის უნივერსიტეტის უძველესი პარაზიტების ლაბორატორიის დირექტორი, პირს მიჩელი, აცხადებს, რომ ამის ალბათობა წარმოუდგენლად მცირეა. მისი თქმით, პარაზიტების უდიდესი ნაწილი ცოცხალი მასპინძელი ორგანიზმის გარეშე 1-2 წელში კვდება. მაგალითად, Poxviridae-ს ტიპის ვირუსები, ასევე, ტუბერკულოზისა და კეთრის გამომწვევი ბაქტერიები გადარჩენისა და გავრცელებისთვის აუცილებლად ცოცხალ სხეულს საჭიროებს.
ჩუტყვავილა ადამიანიდან ადამიანზე შეხებით გადადის, როცა ტუბერკულოზის შემთხვევაში ცემინებისას ან ხველებისას პირიდან და ცხვირიდან გამოდევნილი წვეთებია საშიში. კეთრით მაშინ ინფიცირდებიან, როცა დაავადებულ ადამიანთან ერთად ხანგრძლივ პერიოდს ატარებენ. ეს იმიტომ, რომ მასთან ასოცირებული ბაქტერიები, Mycobacterium leprae და Mycobacterium lepromatosis, ძალიან ნელა მრავლდებიან.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მუმიასთან კონტაქტით ინფიცირების რისკს ამცირებს, დროთა განმავლობაში დნმ-ის დეგრადაციაა. თუ უძველესი პარაზიტების დნმ-ს დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ მათი დნმ ძალიან დამოკლებულია, რადგან წლების გასვლის პარალელურად ის უბრალოდ იშლება.
რაც შეეხება კუჭ-ნაწლავის ჭიებს, ისინი ფეკალიებით ვრცელდებიან, უფრო დიდხანს ძლებენ და გადასარჩენად აუცილებლად ცოცხალი ორგანიზმი არ სჭირდებათ. ამის მიუხედავად, სხეულში მხოლოდ რამდენიმე თვის, ან, ზოგჯერ, წლის, განმავლობაში ნარჩუნდებიან. ასეთი ჭია ათასობით წელი ვერ იარსებებს.
ასეც რომ არ იყოს, მუმიების შესწავლისას სპეციალისტები ნიღბებსა და ხელთათმანებს იყენებენ, რაც მათ დაიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ნეშტში არსებულმა პათოგენებმა დღემდე სასწაულებრივად მოაღწიეს.
კომენტარები