ინტერნეტში ყალბი ვიდეო გავრცელდა — ზელენსკას ძვირადღირებული მანქანის შეძენას "აბრალებდნენ"
ცოტა ხნის წინ Deepfake ვიდეო გავრცელდა. მასში ამტკიცებდნენ, რომ ოლენა ზელენსკამ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლმა, პარიზში ძვირადღირებული მანქანა შეიძინა. CNN-ის ანალიზმა და ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გაჟღერებული მტკიცებები სიცრუეა, თავად ვიდეო კი, სავარაუდოდ, რუსეთთან დაკავშირებული დეზინფორმაციული ქსელის ნაწილია. დეზინფორმაცია მითების დეტექტორმაც გადაამოწმა.
ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერაა გენერირებული და ფირმა Bugatti-ს ვითომდა თანამშრომელს ასახავს, რომელიც ამტკიცებს, რომ 7 ივნისს ოლენა ზელენსკამ 4.5 მილიონ ევროდ Bugatti Tourbillon შეიძინა. კლემენტ ბრაიენსის, Recorded Future-ის კიბერუსაფრთხოების მკვლევრის, თქმით, ვიდეოს Deepfake-ის კვალი ეტყობა: იგი დაჭრილია და არაბუნებრივია როგორც მეტყველება, ასევე პირის მოძრაობებიც.
Deepfake-ით შექმნილმა ვიდეომ X-ზე (ყოფილი Twitter) 24 საათში დაახლოებით 18 მილიონი ნახვა დააგროვა. მას უმეტესად პრორუსი ინფლუენსერები აზიარებდნენ.
Autofficina Parigi-მ, Bugatti-ს ადგილობრივმა წარმომადგენლობამ პარიზში, ინფორმაციის ნამდვილობა უარყო და ყალბ ტრანზაქციაში არსებულ უზუსტობებს გაუსვა ხაზი. Bugatti Paris-ის წარმომადგენელმა ნიკოლ ოგერმა მითების დეტექტორსაც დაუდასტურა, რომ ოლენა ზელენსკას მათგან ძვირადღირებული ავტომობილი არ შეუძენია.
ფირმამ უკვე აღძრა სარჩელი გაყალბების, იდენტობის ქურდობისა და ცილისწამების ბრალდებით, თუმცა CNN-თან საჩივრის სამიზნე არ დაუკონკრეტებია.
ვიდეოს ანალიზის შედეგები
ვიდეო თავდაპირველად Verite Cachee France-მა გაავრცელა.
Clarity-მ, AI კიბერუსაფრთხოების სტარტაპმა, დაადასტურა, რომ, დიდი ალბათობით, იგი ხელოვნური ინტელექტით არის დამუშავებული, განსაკუთრებით სახის არეში.
CNN-ის ანალიზის მიხედვით, იგი ახლახან, 2024 წლის 22 ივნისს, შეიქმნა. ეს ფრანგულენოვანი ვებსაიტია, რომელიც შიგთავსს ფრანგული მედიიდან იღებს და, როგორც ჩანს, AI-ს გამოყენებით ამუშავებს — ზოგიერთ გვერდზე ჯერაც შემორჩენილია AI-სათვის მიცემული მითითებები ყალბი სტატიების შექმნის თაობაზე.
ვებსაიტზე სათანადო საკონტაქტო ინფორმაცია არაა მითითებული, სათაურში კი ფრანგულის მახვილები სწორად არაა დასმული.
ეს ყველაფერი პლატფორმის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.
დეზინფორმაციის სათავე
დარენ ლინვილმა, კლემსონის უნივერსიტეტის პროფესორმა, Deepfake ვიდეო და Verite Cachee რუსული დეზინფორმაციის კამპანიას დაუკავშირა, რომელიც უკრაინის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
კამპანია სოციალურ ქსელებში ყალბი ვიდეოებისა და სტატიების გავრცელებას მოიცავს, რასაც თავდაპირველად პრორუსი ინფლუენსერები აკეთებენ. მსგავსი კამპანიის ფარგლებში აქამდე იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ოლენა ზელენსკამ ნიუ იორკში $1.1 მილიონი ღირებულების ძვირფასეულობა შეიძინა.
Verite Cachee დეზინფორმაციის იმავე ქსელს დაუკავშირა Recorded Future-მაც, კიბერუსაფრთხოების მოწინავე კომპანიამ.
"არაერთი წყაროდან სტატიებს ავტომატურად იღებენ და LLM-ების გამოყენებით მათში კონკრეტული პოლიტიკური მიკერძოება შეაქვთ ზელენსკის, ბაიდენისა და NATO-ს თავდასხმის მიზნით. შემდეგ პრორუსული ნარატივის გასავრცელებლად ტვირთავენ", — განაცხადა კლემენტ ბრაიენსმა, კომპანიის ანალიტიკოსმა.
საგულისხმოა, რომ ქსელს დიდძალი რესურსი აქვს, რაც, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან მხარდაჭერაზე მიანიშნებდეს.
პლატფორმაზე ძალიან ბევრი სტატიაა ატვირთული, რაც Deepfake-ების ამოცნობას ართულებს, რადგან ვებსაიტზე დაჭერისას უამრავი სტატია იყრის თავს, რომლებიც ერთი შეხედვით საეჭვოდ არ გამოიყურება.
"შემდეგ, როცა ვიღაც YouTube-იდან ან პირდაპირ საიტზე ტვირთავს ვიდეოს, სოციალურ მედიაში გავრცელების სისტემა აქტიურდება", — განმარტა ბრაიენსმა.
ანალიტიკოსის თქმით, კამპანია ევროპელ მკითხველზეა გათვლილი; იგი უკრაინის დამხმარე ლიდერების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად, რათა ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა შესუსტდეს.
კომენტარები