შესაძლოა, ამ ეგზოპლანეტაზე თხევადი წყალი იყოს — ვების ტელესკოპის ახალი მიგნება
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა გამოავლინა ეგზოპლანეტა, რომელზეც შესაძლოა, ოკეანე იყოს. ამ პოტენციური მახასიათებლის მიხედვით შექმნილი მისი გამოსახულება თვალის კაკალს მოგვაგონებს, რომლის ცენტრშიც თხევადი წყლის უზარმაზარი ბუნებრივი რეზერვუარია და ის ყინულითაა გარემოცული.
ამ ციურ სხეულს LHS-1140b ეწოდება, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 48 სინათლის წლითაა დაშორებული. ის ასტრონომებმა 2017 წელს აღმოაჩინეს და მინი-ნეპტუნის ტიპის ეგზოპლანეტად მიიჩნიეს, რომელსაც წყლის, მეთანისა და ამიაკის სქელი ატმოსფერო აქვს. მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის მონაცემები კი მიანიშნებს, რომ საქმე სულ სხვაგვარ ობიექტთან გვაქვს.
"შესაძლოა, ჩვენთვის ცნობილ ზომიერ ეგზოპლანეტებს შორის LHS-1140b მზის სისტემის მიღმა მდებარე ციური სხეულის ზედაპირზე თხევადი წყლის არსებობის არაპირდაპირი გზით დასადასტურებლად ყველაზე კარგი კანდიდატი იყოს. ეს სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი ეგზოპლანეტების ძიებაში მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება", — აცხადებენ მეცნიერები.
LHS-1140b დედამიწაზე 1.73-ჯერ განიერი და 5.6-ჯერ მასიურია. მისი ერთი ნახევარსფერო ყოველთვის ვარსკვლავისკენაა მოქცეული, ანუ ორბიტული და ბრუნვითი მოძრაობა ერთმანეთს ემთხვევა. 4 000-კილომეტრიანი ოკეანე სწორედ ამ ნათელ მხარეს უნდა იყოს. ციურ სხეულზე ერთი წელი სულ რაღაც 25 დღეს გრძელდება, რადგან ის მნათობთან ახლოს გადაადგილდება.
თავად ვარსკვლავი მზესთან შედარებით ნაკლებად მცხუნვარეა და წითელი ჯუჯის ტიპს მიეკუთვნება. შესაბამისად, მის გარშემო სასიცოცხლო ზონა (რეგიონი, სადაც წყლის თხევადი სახით არსებობაა შესაძლებელი) იმაზე ახლოსაა, ვიდრე ჩვენ შემთხვევაში. LHS-1140b ამ არეალის ცენტრში მდებარეობს, რაც ოკეანის ფორმირებისა და შენარჩუნების შანსებს ზრდის.
ვების ტელესკოპმა ეს ეგზოპლანეტა ახლო ინფრაწითელი კამერითა და სპეციალური სპექტროგრაფით შეისწავლა, რომელიც ატმოსფეროს შედგენილობის დადგენის საშუალებას იძლევა. შთანთქმული სინათლის ტალღების გაანალიზებამ აზოტის კვალი გამოავლინა, რომელიც დედამიწის აირად გარსში ყველაზე უხვადაა.
LHS-1140b საკმარისად მკვრივი არაა, რომ კლდოვან ობიექტად მივიჩნიოთ და არც მინი-ნეპტუნი უნდა იყოს. ვარაუდობენ, რომ ეს ყინულოვანი გარსის მქონე ციური სხეულია, რომლის ნათელ მხარესაც ტემპერატურა 20 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც ზედაპირზე ოკეანის არსებობას შეუწყობდა ხელს. არაა გამორიცხული, ასეთ რეზერვუარში სიცოცხლეც ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ამის დაზუსტებით თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია.
მკვლევრები ამბობენ, რომ სულ მცირე 1-წლიანი დაკვირვებებია საჭირო იმის დასადასტურებლად, რომ LHS-1140b-ს ატმოსფერო მართლაც აქვს. ნახშირორჟანგის დაფიქსირებას კი კიდევ 2-3 წელი დასჭირდება.
ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები