გველმა, სახელად რონალდუმ, 14 ნაშიერი "უბიწოდ შვა" — აქამდე ის მამრი ეგონათ
უკვე 9 წელია, რაც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი სკოლის ვივარიუმში 13 წლის მახრჩობელა გველი, სახელად რონალდუ, ცხოვრობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მამრი ეგონათ, რაც ვეტერინარის დასკვნას ეყრდნობოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის სინამდვილეში მდედრია, თანაც განსაკუთრებული.
რუტინული შემოწმებისას ერთ-ერთმა მოსწავლემ შენიშნა, რომ ვივარიუმში პატარა გველები იყვნენ. ისინი სწორედ რონალდუს ნაშიერები არიან, კერძოდ 14 წიწილი. საინტერესოა, რომ იქ ყოფნის განმავლობაში ეს ქვეწარმავალი არასდროს შეჯვარებულა, ამიტომ, სპეციალისტების დასკვნით, ეს პართენოგენეზის, ანუ "უბიწო შობის", იშვიათი შემთხვევაა.
"თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ეს შეცდომა იყო. საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდით... რონალდუ ოდნავ მოსუქებულად გამოიყურებოდა, თითქოს ბევრი ჭამა, მაგრამ არც კი გვიეჭვია, რომ ის მაკედ იყო", — აცხადებენ სპეციალისტები.
რონალდუ ბრაზილიური ცისარტყელასებრი მახრჩობელა გველია. ამ სახეობას Epicrates cenchria ეწოდება და მისი წარმომადგენლები კვერცხებს არ დებენ, არამედ ნაშიერებს პირდაპირ აჩენენ. რონალდუს ამისთვის მამრი სულაც არ დასჭირვებია, რადგან უსქესო გამრავლება შეძლო. ამ დროს ემბრიონი კვერცხუჯრედის განაყოფიერების გარეშე ყალიბდება.
ცხოველებში პართენოგენეზის სხვადასხვა ბიოლოგიური მექანიზმი გვხვდება, მაგრამ ხერხემლიანებში ყველაზე გავრცელებული კვერცხუჯრედის ე.წ. პოლარულ სხეულებთან შერწყმაა. მათში ჯერ კიდევ კვერცხუჯრედის ფორმირების დროინდელი გენეტიკური მასალაა შემონახული.
"50 წელია, რაც გველებს ვაჯვარებ, მაგრამ აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს. ეს ნაშიერები დედის კლონები არიან, თუმცა მათ სხეულზე არსებული ფორმები ოდნავ განსხვავებულია", — ამბობს ქვეწარმავლების სპეციალისტი, პიტ ქვინლენი.
პართენოგენეზი იშვიათია, მაგრამ ის მწერების, ამფიბიების, ფრინველების, ქვეწარმავლებისა და თევზების ზოგიერთ სახეობაშია აღწერილი, ანუ ცხოველთა ერთი კონკრეტული ტიპისთვის არაა დამახასიათებელი. რაც შეეხება, ცისარტყელასებრ მახრჩობელებს, მათში მსგავსი რამ მხოლოდ 3-ჯერ დაფიქსირდა, უკანასკნელი შემთხვევის ჩათვლით.
ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, რა უწყობს ხელს ამ ბიოლოგიური პროცესის წარმართვას. ერთ-ერთი ფაქტორი გარემოს ცვლილებაა, მაგალითად წყალში მარილიანობის მატება, მტაცებლობა, პოპულაციის რაოდენობის ზრდა და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ მდედრ გველებს სხეულში სპერმის დიდხანს შენახვაც შეუძლიათ. ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც მეცნიერებმა აღწერეს, 6 წელია და ის Crotalus atrox-ის სახეობაში დაფიქსირდა.
კომენტარები